საერთაშორისო ოლიმპიადაზე Romanian Master of Informatics 2025 ქართველმა მოსწავლეებმა 9 მედალი მოიპოვეს

27-28 ნოემბერს ქართველმა მოსწავლეებმა ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღეს ინფორმატიკის პრესტიჟულ საერთაშორისო ოლიმპიადაში Romanian Master of Informatics 2025. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია ავრცელებს.

„ოლიმპიადის ორგანიზატორი ქვეყანა რუმინეთი იყო და მასში ტრადიციულად მონაწილეობდნენ ძლიერი საოლიმპიადო ტრადიციების მქონე ქვეყნები ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან. წელს ოლიმპიადაში რუმინეთის, საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, პოლონეთის, სერბეთის, იტალიის, სლოვენიის, საბერძნეთის, ვიეტნამის, სინგაპურის და სხვა ქვეყნების 65 გუნდის 245 მოსწავლე იყო ჩართული. ეს ოლიმპიადა უკვე მრავალი წელია ტარდება და მაღალი რეიტინგითაც გამოირჩევა. მასში ჩვენი ოლიმპიელები სტაბილურად მონაწილეობენ და მაღალ შედეგებსაც აღწევენ. წელს ოლიმპიადაზე საქართველო 11 მოსწავლით იყო წარმოდგენილი, რომელთაგანაც 10 კომაროველია, ხოლო ერთი კი – ოთარ ციბაძე ქუთაისელია (ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, AiaSoft). ჩვენმა მოსწავლეებმა საერთო ჯამში 9 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო:

ოქრო – ნიკოლოზ მელიქიშვილი (მე-12 კლასი);

ვერცხლი – საბა ფერაძე (მე-12 კლასი), მათე რეხვიაშვილი ( მე-10 კლასი), ვლადიმერ ფრანგიშვილი (მე-11 კლასი), ანდრია ვასაძე (მე-11 კლასი);

ბრინჯაო – დავით ძაძამია (მე-12 კლასი), საბა გოდუაძე (მე-10 კლასი), გიორგი ბულაური (მე-12 კლასი), ოთარ ციბაძე (მე-11 კლასი).

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მოსწავლე ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ “მზიურის” აღსაზრდელიცაა.

ბავშვების ოლიმპიადაში მონაწილეობა კომაროვის სკოლაში დაორგანიზდა და აქ მათ ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი სამუშაოდ.

ვულოცავ ჩვენს ბავშვებს და ვულოცავ ყველას!“, – წერს გიორგი მანდარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები