ოპერისა და ბალეტის თეატრში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა საკულტო დადგმა – „მაზურკა ფოგო” წარმოადგინა

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა – „მაზურკა ფოგო” წარმოადგინა.

საკულტო დადგმის „მაზურკა ფოგოს” რეჟისურა და ქორეოგრაფია თავად ლეგენდარულ პინა ბაუშს ეკუთვნის. წარმოდგენა 1998 წლის ლისაბონის მსოფლიო გამოფენის (EXPO 98) და ლისაბონის გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. დადგმის სცენოგრაფიაზე პიტერ პაბსტმა იზრუნა, კოსტიუმების მხატვრობა მარიონ ციტოს ეკუთვნის, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე ანდრეას აიზენშნაიდერმა და მათიას ბურკერტმა იმუშავეს.

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, 19 ივლისს, პინა ბაუშის ამავე დადგმით დაიხურება.

ფესტივალი 2017 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაფუძნდა. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. წელს ფესტივალი მეშვიდედ იმართება. ფესტივალში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და სახელგანთქმული საბალეტო დასები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები