ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) 2026 წლის გენერალური ასამბლეა გაიმართა.
გენერალური ასამბლეა რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის პრესტიჟულ შენობაში ჩატარდა და მკაფიო გზავნილს ატარებდა – ევროპული საჭადრაკო საზოგადოება ერთიანია თავის მოწოდებაში, რომ ჭადრაკი ოლიმპიურ სპორტად აღიარონ.
ასამბლეის გახსნის ცერემონიას, ჭადრაკის სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად, საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ტანვარჯიშში ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ჩემპიონი ნადია ელენა კომანეჩი და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონი მიჰაი კლაუდიუ კოვალიუ.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მას ნდობა 35-მა ევროპულმა ფედერაციამ გამოუცხადა, ხოლო მისმა მეტოქემ, პოლონეთის წარმომადგენელმა, ლუკაშ ტურლეიმ, 11 ფედერაციის მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, ქართველი დიდოსტატი ევროპის საჭადრაკო კავშირს 2030 წლამდე უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად პირველად 2014 წელს, ნორვეგიაში გამართულ არჩევნებზე აირჩიეს, შემდეგ კი ამ თანამდებობაზე 2018 და 2022 წლებში ხელახლა აირჩიეს.