18 სექტემბერს მთაწმინდაზე ფესტივალი “სამოსი სამშობლო” გაიხსნება
18 სექტემბერს, მთაწმინდაზე ფესტივალი “სამოსი სამშობლო” გაიხსნება. „სამშობლო ის სამოსია, რომელიც არასოდეს ძველდება და ცვდება! სამშობლო ის სამოსია, რომელიც ტანზე თუ არა, ფიქრზე, გონებაზე, ოცნებებზე და ხშირად ჩვენს მიზნებზე გვაქვს შემოცმული! რაც უფრო შორს ვართ სამშობლოს სხეულისგან, მით უფრო საჭირო ხდება ის ჩვენთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, ემიგრაციის ის თაობაც კი, ვისაც ფეხი არ დაუდგამს სამშობლოს სხეულზე, მას როგორც სამოსს ისე ატარებს. ჩვენ აქ ყველა ამ სამოსით ვთბებით და ეს სამოსი გვაძლებინებს!“ – ეს სიტყვები ემიგრანტს, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ ლელა ნინუას ეკუთვნის, რომელიც „სამოსი სამშობლოს” პროექტის იდეის ავტორია.
2020 წლის 2 იანვარს, ნიუ-იორკში პირველად ჩატარდა ქართული ტრადიციული სამოსის დღე. ღონისძიებაზე თავად ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი სამოსი გამოიფინა, ისინი მათ საქართველოს კუთხეების მიხედვით წარადგინეს. მას მერე, ყოველ წელს, ლელა, კეთილი ადამიანების დახმარებით, ცდილობს ერთ დიდ დღესასწაულად აქციოს „სამოსი სამშობლო” და დაამკვიდროს. ტრადიციას არც წელს უღალატა და ამჯერად გადაწყვიტა თბილისში შეკრიბოს ადამიანები და 18 სექტემბერს, სამი დღით, ემიგრანტებთან ერთად ყველამ თავისი სამოსი სამშობლო მთაწმინდაზე მიიტანოს.
ლელა ნინუა: – “სამოსი სამშობლო 2026” უკვე მეხუთედ და საქართველოში პირველად ჩატარდება. ჩვენ შეიძლება ბევრ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მაგრამ სამშობლო ერთია, აქ ვიკრიბებით და ეს იქნება ძალიან ამაღელვებელი. ფესტივალი სამდღიანი იქნება. რა თქმა უნდა, ამ ფესტივალში ემიგრანტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა კომპანია, ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში “სამოსი სამშობლოს” გვერდით ედგა.
– მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმბოლური პოდიუმი და სიმბოლური კონკურსია, მას ჟიური აფასებს…
– დიახ, წელს ფესტივალს გამორჩეული ჟიური ეყოლება. ამჯერად მხოლოდ ჟიურის თავმჯდომარის და რამდენიმე ქართველი წევრის სახელს და გვარს გაგიმხელთ, დანარჩენს სიურპრიზია დავტოვებ. ესენი არიან: ნანი ბრეგვაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ჟიურის თავმჯდომარე იქნება ქართველების სიძე, ამერიკელი, როჯერ უოტკინსი.

ჩვენი პროექტის ერთადერთი წარმდგენია (როგორც ყოველთვის) ქართველი ბიზნესლედი თამარა მოსიძე, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ბრინჯაოს ქანდაკებები წელს ირაკლი წულაძემ დაამზადა. ეს პრიზები გადაეცემათ მონაწილეებს, რომლებიც სიმბოლურ პოდიუმზე გაივლიან და სამშობლოს სიყვარულში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მათ მიერ შექმნილი და წარმოდგენილი სამოსი წელს სამშობლოს თემაზე იქნება.
– უკვე ცნობილია ვინ მონაწილეობს ამ პროექტში?
– გარკვეულია რამდენიმე მონაწილის ვინაობა, ესენი არიან: დიზაინერი ელენე შავდია,”შავდიას” დამფუძნებელი, ქალბატონი ერნა წიფურია, ანსამბლის “გვირილა” ხელმძღვანელი, მადონა ხარატიშვილი – “ჯეო სქაი სქულის” დირექტორი, ნანა ახობაძემ – პროფესორი პიანისტი, ნანა მოსიაშვილი – კომპანია “დიდოსტატის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე სულამანიძე, პლასტიკური ქირურგი, “ტოტალშარმის” ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია, ქალბატონი ია შოთაძე – “თორელის” დამფუძნებელი და დირექტორი, ბიზნესლედი ნანა ყალიჩავა, რესტორნის “თაშრე” ხელმძღვანელი, მაკა ცაბუტაშვილი, მილენა კვესელაძე, მოდელი, ასევე თამუნა მანია დიზაინერი, რომელიც აფხაზეთიდან წარმოაჩენს სამოს, “შირაქის” დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე და კომპანიის წარმომადგენლები და ა.შ. ყველაზე პატარა მონაწილე 12 წლის მუსიკოსი, სესილი სივსივაძე არის, ხოლო ყველაზე უხუცესი, ემიგრანტი ამერიკიდან, ლეილა მჭედლიშვილი, რომელიც ყოველ წელს მონაწილეობს ფესტივალში.