ქართული ღვინისა და აგროსასურსათო სექტორის შესაძლებლობები ქ. მინსკში გამართულ საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე განიხილეს

ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის Belagro 2026” ფარგლებში, საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო სექტორში სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს პრეზენტაციის ფორმატში, ქართული ღვინისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ასორტიმენტი და საექსპორტო შესაძლებლობები გააცნეს.

ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი ქართული ღვინისა და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა. შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და საქართველოში ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი ესწრებოდნენ.

საერთაშორისო გამოფენაზე Belagro 2026“ საქართველოს პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართული ღვინისა და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.

საერთაშორისო გამოფენა Belagro“ ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმაა რეგიონში, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები