გავლენიან ამერიკულ გამოცემაში Vine Pair ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა

ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ონლაინ მედიაგამოცემაში Vine Pair გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საუკეთესო 17 ღვინო საქართველოდან“, რომელიც ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და თანამედროვე ღვინის კულტურას ეძღვნება. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Glodow Nead Communication ჩართულობით მომზადდა.

სტატიის ავტორი, ღვინის ჟურნალისტი ედუარდ დიჩი, საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ასევე მოინახულეს კახეთისა და ქართლის ღვინის მარნები, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას.

პუბლიკაციაში ავტორი მკითხველს საკუთარ არჩევანს – 17 ქართულ ღვინოს აცნობს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართული მეღვინეობის უნიკალურ მახასიათებლებზე. სტატიაში საუბარია ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიაზე, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდსა და ქართველი მეღვინეების საქმიანობაზე.

„ამერიკელების უმეტესობისთვის ქართული ღვინოები ახალი და მიმზიდველი აღმოჩენაა. საფერავი, რქაწითელი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და სხვა ადგილობრივი ვაზის ჯიშები მათთვის განსხვავებულ და საინტერესო გამოცდილებას ქმნის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღვინო ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ქართლის დედის მონუმენტიც, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს და ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი – ღვინის ფიალა“, – ნათქვამია სტატიაში.

VinePair მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელების მედიაპლატფორმად მიიჩნევა. გამოცემა ყოველთვიურად მილიონობით მკითხველს აერთიანებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ღვინის საერთაშორისო ტენდენციებსა და მომხმარებელთა არჩევანზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა და თანამედროვე აუდიტორიაში.

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, „The New York Times“, „Wine Enthusiast“ და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები