იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული საქართველოში ბრუნდება

საქართველოში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული საქართველოში ბრუნდება და იტალიური კულინარიული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას, ტრადიციებს, გამორჩეულ აგროსასურსათო პროდუქციას და შეფმზარეულების ოსტატობას წარმოგიდგენთ!

კვირეული შესაძლებლობას მოგვცემს, შევიხედოთ იტალიურ ენო-გასტრონომიულ ტრადიციებში, შევეხოთ მათ მდიდარ ისტორიას და გავიცნოთ ახალი სახეები – გამორჩეული იტალიელი შეფმზარეულები, რომლებიც საქართველოს კვირეულის ფარგლებში ეწვევიან. იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეულის პროგრამის მთავარი თემა მჭიდროდ უკავშირდება სუფრის კულტურასა და მდგრად განვითარებას (რაც ტრადიციულად აისახება იტალიისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ მიდგომაში ადამიანის ჯანმრთელობისა და პლანეტის დაცვის მიმართ) და, ასევე, ინოვაციებს, რომლებიც ჩვენ ხელთ არსებული ინგრედიენტების მრავალრიცხოვან კომბინაციებს დღითი დღე კიდევ უფრო ამდიდრებენ.

„იტალიის საელჩო მოხარულია წარმოგიდგინოთ იტალიური სამზარეულოს ნამდვილი ვარსკვლავი, „მიშლენოსანი“ შეფმზარეული კარლო კრაკო, რომელიც თბილისს პირველად ეწვევა და იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს სტუმრებს საავტორო კერძებს შესთავაზებს. იტალიელი მზარეული მევენახეობითა და მეღვინეობით განთქმულ საქართველოს რეგიონს, კახეთს ესტუმრება და საქართველოს სიამაყეს – ქართული ღვინის კულტურასა და უნიკალურ ტრადიციებს გაეცნობა.

“გასტრონომიული ცოდნის მნიშვნელობა მდგარი განვითარებისთვის: მეცნიერება, გემო და ბუნება”-ასეთი იქნება პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეა პიერონის საჯარო ლექცია, რომელიც 16 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისთან ერთობლივად ახორციელებს პროექტს “Ark of Taste – Atlas of Georgia”, რომლის მიზანია ქართული აგროსასურსათო მემკვიდრეობის წარმოჩენა და „სლოუ ფუდის“ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების კონცეფციის პოპულარიზაცია.

მსურველები შეძლებენ დაესწრონ კულინარიულ შოუს ორი ახალგაზრდა იტალიელი მზარეულის მონაწილეობით, რომელსაც „ბაზარი ორბელიანზე“ უმასპინძლებს. კულინარიული შოუ, რომლის მთავარი თემა კულინარიული კრეატიულობა და ინგრედიენტების კვებითი ღირებულებაა, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს უნიკალურ გემოებს მიეძღვნება. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გემო გაუსინჯონ იტალიელი მზარეულების მიერ მომზადებულ გემრიელ კერძებს.

სასტუმრო და რესტორაციის სფეროებში მომუშავე კომპანიებისთვის გაიმართება იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიება “Limoncello Party”: tasting iconic Italian spirits”, რომელიც მთელ მსოფლიოში სახელმოხვეჭილ და ყველასთვის საყვარელ იტალიურ ლიქიორს, “Limoncello”-ს მიეძღვნება.

კვირეული დასრულდება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული და უკვე ტრადიციად ქცეული გამოფენა-კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ დასკვნითი ღონისძიებით, რომელიც მოიცავს კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებას წამახალისებელი პრიზებით.

იტალიის საელჩო საქართველოში სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის ყველა იმ საჯარო თუ კერძო პირსა და კომპანიას, იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეულის ფარგლებში გამართული მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული საზოგადოების სიმპათიას იტალიური სამზარეულოსადმი. იტალიური სამზარეულო ხომ მხოლოდ კვებას არ ნიშნავს, ეს გამორჩეული იტალიური გემოა – კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ცხოვრების სტილი და შესანიშნავი შესაძლებლობები სურსათის სფეროში ბიზნესს ოპერატორებისთვის“, – ნათქვამია იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები