უკრაინული “ვოისის” ქართველმა გამარჯვებულმა ქარელის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საქველმოქმედო აქცია მოაწყო

უკრაინული “ვოისის” ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ქარელში ბავშვთა სახლს ესტუმრა, პატარებს საჩუქრები გადასცა და მათთვის სიმბოლური კონცერტი გამართა.

პატარა ვირტუოზი აშშ–დან კიევში, კიევიდან კი ყაზახეთში მიიწვიეს. მისი გამოსვლები სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე, ანშლაგებითა და მაყურებლის ოვაციებით სრულდება. ყველა კონცერტის შემდეგ, ალექსანდრე ოჯახთან ერთად, ტრადიციულად  ბავშვთა სახლს სტუმრობს. მართლია, გულშემატკივრები ყველგან მოუთმენლად ელიან, თუმცა ბავშვები აქ გამორჩეული სიყვარულით ხვდებიან. ალექსანდრეს მსგავსი აქციების ორგანიზებაში დედა ეხმარება. გულო ზაზარაშვილმა, რომელიც შვილის მეგობარი და მრჩეველია, ზუსტად იცის რა აბედნიერებს პატარებს და ალექსანდრესთან ერთად, მათ გახარებას ცდილობს. ბავშვების გაოცება უზარმაზარი ტორტითაც შეძლეს, რომელსაც ყველა პატარას სახელი ეწერა. მუსიკოსი ქველმოქმედებას მომავალშიც გეგმავს, ალექსანდრე მათ ყოველი ჰონორარიდან დაეხმარება. ამჯერად,  ქველმოქმედებაში წვლილი ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმაც შეიტანეს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: ,,ამერიკაში ემიგრანტი ქართველების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები, ბავშვთა სახლში მცხოვრებ პატარებს გავუნაწილე. ცოტა მეც შევმატე და საბოლოოდ, 16  ბავშვი გავახარეთ. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შევძლებ მათ გვერდით ყოფნას. ის, რასაც ვაკეთებ მცირედია, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს თხოვნით, რამდენიმე წლის წინ მშობლებმა ოთხი და-ძმა იშვილეს. ისინი დღეს მათ ოჯახში იზრდებიან. პატარა მუსიკოსის სახლში დაბრუნება ნამდვილი ზეიმია როგორც ოჯახისთვის, ასევე მშობლიური კუთხისთვის, სადაც ყოველი გამარჯვების შემდეგ, დიდი სიყვარულით ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები