მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება

14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

,,სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2019“ დაკავშირებით, მცხეთის ცენტრალურ მოედანსა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. მათ შორის, საშემოდგომო ნობათის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; ფოტო-გამოფენა „ძველი და ახალი მცხეთის რეტროსპექტივა“; მცხეთისა და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების სადღესასწაულო კონცერტი; საპატიო მოქალაქეების წარდგენის ცერემონიალი; ქუჩის საკარნავალო მსვლელობა და სხვა.
დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართება და მასში მონაწილეობას ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი, გორის ქალთა კაპელა, ნინო ქათამაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუკრი კაპანაძე, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდი, სოფო ხალვაში, გიორგი სუხიტაშვილი, ანსამბლი “კვინტესენსი”და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი მიიღებს. საზეიმო ღონისძიებებს ფოიერვერკი დაასრულებს.

დღესასწაული 14 ოქტომბერს დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები