შვილის ქორწილში დაუპატიჟებლად დარჩენილი ემიგრანტი…
SAMEGRELORM.GE-ს ემიგრანტი ქალბატონი დაუკავშირდა, რომელიც მოგვიყვა, თუ როგორ დარჩა დაუპატიჟებლად შვილის ქორწილში. უფრო მეტიც, შვილებმა მასთან კონტაქტიც კი შეწყვიტეს, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მან შვილებს თანხა მხოლოდ იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ გაუგზავნა, რომ უნდოდა შვილის ქორწილს დასწრებოდა და დანაზოგის გაკეთება გადაწყვიტა. 47 წლის ემიგრანტმა ქალბატონმა ლ.გ-მ ანონიმურობის დაცვა ითხოვა.
„უკვე მერვე წელია, საბერძნეთში, კერძოდ ათენში სამუშაოდ ჩამოვედი. საქართველო დავტოვე იმიტომ, რომ სამუშაო არ იყო. აქ 78 წლის მოხუც ბებოს ვუვლი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მესამე თვეა ოჯახში ფული ვერ გავაგზავნე, რადგან დანაზოგს ვაკეთებდი. მინდოდა შვილის ქორწილს დავსწრებოდი, შვილის, რომელიც ობლად, მარტო გავზრადე. 31 წლის ვიყავი, როცა მეუღლე ავტოკატასტროფაში დამეღუპა. საქართველოში შვილები დედაჩემთან დავტოვე. გაზაფხულზე ჩემს გოგოს ქორწილი აქვს და მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა და ჩამოვსულიყავი, სწორედ ამიტომ დანაზოგს ვაკეთებდი, თუმცა… სიურპრიზი უკან, ავბედითად შემომიბრუნდა, რადგან შვილებს მესამე თვეა თანხა ვერ გავუგზავნე კონტაქტი შეწყივტეს.
– კონტაქტის შეწყვეტაში, რას გულისმობთ?
– ყოველ დღე ვსაუბრობდით, თუმცა, მესამე თვეა შვილები კონტაქტზე არ გამოდიან, რადგან თანხა ვერ გავაგზავნე. ამას იმიტომ გწერთ, რომ მინდა შვილებს მივმართო, იმ მშობლების შვილებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან: „შვილებო, აქ ჩვენ ძალიან გვიჭირს, არ გამადლით, მაგრამ თქვენგან სიყვარულსა და თანადგომას ნამდვილად ვიმსახურებთ“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ მეკონტაქტებიან, შვილის ქორწილს აუციებლად დავესწრები და სიურპრიზს მაინც გავუკეთებ. დედებს ხომ გადამყოლი გული არ გვაქვს.