საპასუხისმგებლო საქმე რომელიც სილაღესაც მოითხოვს-ანუ სინათლის იმედიანი სხივი

ამ ორგანიზაციის სახელიამზენე“, რაც კერიაში სინათლის შემომავალი ფანჯრის სახელს ნიშნავს და შეიძლება ითქვას, რომ  ბევრისთვის მათ სწორედ ამგვარი იმედიანიფანჯრისფუნქცია იტვირთეს. ორგანიზაცია სხვადასხვა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ორიენტირებული, მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ხდება ხოლმე, მათ შემთხვევაშიც, ყველაფერი იდეით დაიწყო. შემდეგ ბევრისთვის საჭირო ეს საქმე ადგილიდან ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით დაიძრა. რადგან მზრუნველობა და აქტიური ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, პანსიონში, ბენეფიციარებს, სახლურ გარემოში ბევრ სახალისო ღონისძიებასა და განმავითარებელ აქტივობას სთავაზობენ. ტრადიციად იქცა დღესასწაულებსა და დაბადების დღეების განსაკუთრებულად აღნიშვნა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ორგანიზაცია სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამის პროვაიდერი. ბენეფიციარებზე გამოყოფილია სახელმწიფო ვაუჩერი, რომელმათ საშუალებას აძლევს, რომ პანსიონში უფასოდ იცხოვრონ. ვესაუბრებით ორგანიზაცია „მზენეს“ დამაარსებელს, სალომე ვადაჭკორიას.

– სალომე თქვენი ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ორიენტირებული, რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი ტიპის ორგანიზაციის დაფუძნება?

– სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბევრი დაწესებულება დაიხურა და ბენეფიციარები, რომელთა დიაგნოზიც რემისიაშია, საცხოვრებლის გარეშე აღმოჩნდნენ. ასეთი ბენეფიციარები არ საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნას, თუმცა დამოუკიდებელი ცხოვრებაც არ შეუძლიათ. სწორედ ამან წარმოშვა საჭიროება და აუცილებლობა შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებისა, რომლებიც მათ საჭირო სერვისს მიაწვდიან და გაუმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რაც ბენეფიციართა ყოველდღიურ ცხოვრებაშია.

როგორც ვიცი, თავის დროზე, ორგანიზაცია, ფონდიმზენეოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერით დააფუძნეთ...

– როგორც ხდება ხოლმე, ჩვენ შემთხვევაშიც, ყველაფერი იდეით დაიწყო. ვიპოვე იდეალური შენობა აუზით და ლამაზი ხედებით.  ამ ადგილმა მომცა ინსპირაცია, რომ ის შშმ პირთა საცხოვრებლად გადამექცია. კადრების მოძიება ქალაქიდან შორს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთში დავიწყეთ. ჩვენი თანამშრომლები არიან დიდი ოჯახის წევრები, რომლებიც  ენთუზიაზმით შემოუერთდნენ ამ წამოწყებას. დავიწყეთ ტრენინგების ჩატარება, მოვლითი უნარების, ფსიქოსოციალური საჭიროებებისა და შშმ პირებთან ურთიერთობის შესახებ. ხანგრძლივი იყო ტრენინგების პერიოდიც, თუმცა ყველა თავდაუზოგავად სწავლობდა და შედეგიც მალე დადგა.

– ვიცი, რომ ამ საქმეში მეგობრებიც შემოგიერთდნენ…

 – დიახ, მეგობრები ძალიან დამეხმარნენ ფართის კეთილმოწყობაში, თითოეული საწოლი და კარადა ჩვენი ხელით აწყობილია. კედლების მოხატვა და იატაკის მოპირკეთება ალბათ ყველაზე მხიარული აქტივობა იყო მზადების პროცესში. ჩემი ოჯახის წევრები კი მუდამ გვიკეთებდნენ სხვადასხვა ტიპის საჩუქრებს, რომელთაგან ერთ-ერთი ბილიარდის მაგიდაა. ასევე ჰასპის სტანდარტებით სამზარეულოს აღჭურვაში ჩემი ოჯახის დიდი წვლილია. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ნათია გოჯორაშვილი დღეს ჩვენი გუნდის წევრია სოციალური მუშაკის სტატუსით, თუმცა უამრავ სხვა ფუნქციასაც ითავსებს და ჩვენი ორგანიზაციის გაფართოებისთვის მუდამ ეძებს შესაძლებლობებს.

ძირითადად, რა პრობლემების მქონე ბენეფიციარებს და რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავთ?

– ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად ფიზიკური შეფერხების მქონე ბენეფიციარებზეა გათვლილი და სხვადასხვა სტიგმის გამო არ ხდება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მიღება. გადავწყვიტეთ, რომ ეს სერვისი მივაწოდოთ სწორედ იმ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, რომელსაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. ჩვენს პანსიონში ამჟამად 21 ბენეფიციარია, რომელთაგან ძირითადად რიზოიდული შიზოფრენიის მქონე ბენეფიციარები არიან, თუმცა მათი დიაგნოზი რემისირებულია და მედიკამენტების მიღების ფონზე სოციუმთან და ოჯახური ტიპის ცხოვრებასთან სრულად არიან ადაპტირებული. მათი ასაკი შერეულია, ყველაზე ახალგაზრდა ბენეფიციარი -19 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული – 80 -ის. მათი დიაგნოზებიც შერეულია და გვყავს ასევე დემენციის და რამდენიმე ფიზიკური შეფერხების მქონე ბენეფიციარიც.

კონკრეტულად რა სახის დახმარებას უწევს მათ თქვენი პანსიონი?

– ბენეფიციარების პანსიონში ჩარიცხვის დღიდან დგება ინდივიდუალური გეგმა, რომელიც შემუშავებულია მულტიდისციპლინური გუნდის (ფსიქიატრი, ექთანი, მომვლელი, ხელმძღვანელი, ბენეფიციარის ოჯახის წევრი) მიერ. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მათ საყოფაცხოვრებო უნარების შენარჩუნება-განვითარებაში და თვითმოვლის შესაძლებლობის გაუმჯობესებაში. ზოგიერთ შემთხვევაში, თავად ვუწევთ დახმარებას და დაავადების მიუხედავად ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას ვაძლევთ. სპეციალურად შედგენილი სამჯერადი კვების და ყოველდღიური აქტივობების გარდა გვაქვს სახალისო ღონისძიებები, განმავითარებელი აქტივობები, დღესასწაულებისა და დაბადების დღეების განსაკუთრებულად აღნიშვნის ტრადიცია.

თქვენი ორგანიზაცია რაიმე სახის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით თუ ფინანსდება?

– დიახ, ჩვენთან ბენეფიციარების ცხოვრებას და მათთვის საჭირო სერვისების მიწოდებას სახელმწიფო ფინანსურად უზრუნველყოფს. უფრო კონკრეტულად, ჩვენი ააიპ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამის პროვაიდერია. ბენეფიციარებზე გამოყოფილია ვაუჩერი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, რომ ჩვენთან სრულიად უფასოდ იცხოვრონ.

 – თქვენი ფონდი 2025 წლის აგვისტოში დაფუძნდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ მცირე დროის მანძილზე უკვე მოიპოვეთ ნდობა. რა გახდა ამ ნდობის საფუძველი?

– ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში მიდგომა და დამოკიდებულებაა. მიუხედავად დიდი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისა, ეს საქმე სილაღეს მოითხოვს. ჩემი ახალგაზრდული ენერგია მაძლევს იმის საშუალებას, რომ ბენეფიციართა სიხარული გავიზიარო. თითოეულ მათგანში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელიც სწორედ ბავშვურ, გულწრფელ მიდგომას საჭიროებს. ამას გარდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო თანამშრომელთა დამოკიდებულება, კოლექტივი მართლაც ოჯახივით არის და არცერთი მათგანი სამსახურს როგორც მხოლოდ მოვალეობას, არ უყურებს. ისინი ყველა ბენეფიციარში შვილს ან დედას ხედავენ და აქ დღეები ზუსტად ისე გადის, როგორც ერთ დიდ, ბედნიერ ოჯახში.

– გარდა ამისა, პანსიონის მცხოვრებლების ოჯახის წევრებთან ურთიერთობაც ნდობასა და დიპლომატიაზე უნდა იყოს აგებული…

– რასაკვირველია, ბენეფიციარების ოჯახთან ურთიერთობაც დიპლომატიასა და დიდ მოთმინებას მოითხოვს. არავის შესტკივა გული ბენეფიციარზე ისე, როგორც მისი ოჯახის წევრს და ყველას ძალიან უმძიმს მათთან განშორება. ამიტომ ურთიერთობაში ხელის შეწყობა, ვიზიტების ორგანიზება, „ღია კარის“ პოლიტიკა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღება მათთვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს. იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი ბენეფიციართა კეთილდღეობისა და უკეთესი ცხოვრებისთვისაა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობის მოპოვების კუთხით.

ბენეფიციარებისთვის აუცილებელია აქტიური ცხოვრების წესი ამ მხრივ, რა სიახლეების გატარებას აპირებთ?

 – დიახ, მათთვის აქტიური ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი და სურვილიც ამ ეტაპზე, სოციალური საწარმოა, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი პანსიონის მაცხოვრებლებს ცხოვრების ხალისი და ინტერესი ავუმაღლოთ. გარდა ამისა, აქტიურად ვეძებთ ფინანსებს და მზად ვართ მივიღოთ ყველა სახის დახმარება, ეს იქნება გასვლითი ღონისძიებები თუ ექსკურსიები. სექტემბერში ველოდებით ახალგაზრდა თეატრალებს, რომლებიც სპექტაკლს შემოგვთავაზებენ ჩვენი ბენეფიციარებისთვის. ვინაიდან სულ რაღაც ნახევარი წელია, რაც ვარსებობთ, ძირითადად საორგანიზაციო საქმეებით ვიყავით დაკავებული. ახლა კი შევუდგებით სოციალურ პლატფორმებზე ჩვენს პოპულარიზაციას და მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენი ბენეფიციარებისთვის ყურადღება და მზრუნველობა მთავარი საჩუქარია…

თეონა გოგნიაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები