სტუ-ის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი 10 წლისაა

2022 წელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო წელია – 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის 10 წლის იუბილეს აღნიშვნა. ღონისძიებას ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა დაესწრება. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი თქმით, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი 2012 წელს შეიქმნა. ცენტრი სტუ-ს სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ სწავლა ლიეტუვაში განაგრძონ. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვას მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. გარდა ამისა, ცენტრი სტუ-ს სტუდენტებს ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებსაც სთავაზობს ლიეტუვაში. 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით 250-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა.

„ლიეტუვური ენის შესწავლასთან ერთად ცენტრი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ლიეტუვას ისტორიას, მის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა აქტიურად იღებს მონაწილეობას ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოქტომბრის თვეში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, დაგეგმილია მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები უცხოეთიდან – აკადემიური წრეების წარმომადგენლები.“. – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები