სტუ-მა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც სტუ-ის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოხვდნენ CERN-ის  საზაფხულო სტუდენტურ პროგრამაზე (CERN Summer Student Programme), გაემგზავრონ ჟენევაში და დროებით CERN-ში დასაქმდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი თქმით, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საზაფხულო სტუდენტური პროგრამის მიზანია, მათი ერთ-ერთი მთავარი მისიის- განათლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, CERN-ის გამოცდილი ექსპერტები 8-13 კვირის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ უცხოელ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ,  გაუღრმავებენ ცოდნას მათ მიერ არჩეული სპეციალობით და დაეხმარებიან იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც აუცილებელია პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის.  აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები  მსოფლიოში უმსხვილეს კვლევით ცენტრში, პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას მიიღებენ და  ლექციების პარალელურად, CERN-ის პროექტზე იმუშავებენ.

„CERN Summer Student Programme გათვლილია მხოლოდ მაგისტრატურისა და მეოთხე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომლებიც ფიზიკის, ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით სწავლობენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან აღნიშნულ პროგრამაზე CERN-ის ტექნიკურ ან ექსპერიმენტულ გუნდთან ერთად, 8-13 კვირის განმავლობაში იმუშავებენ  ტექნიკურ პროექტზე,  დაესწრებიან ლექციებს, ვორქშოპებსა და დისკუსიებს,  რომლებსაც  მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები ჩაატარებენ.

CERN Summer Student Programme-ზე მოხვედრისათვის აუცილებელი მოთხოვნები:

  • პროგრამაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის მიმართულების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს შეუძლიათ. პროგრამაზე მოსახვედრად, აუცილებელია სტუდენტს 3 სასწავლო წელი სრულად ჰქონდეს დასრულებული.
  • აპლიკანტს CERN-ში ყოფნის განმავლობაში, უნდა ჰქონდეს სტუდენტის სტატუსი. თუმცა პროგრამაზე განაცხადის შეტანის უფლება აქვთ იმ სტუდენტებსაც, რომლებიც სწავლას 2022 წლის ზაფხულში ასრულებენ.
  • აპლიკანტს არ უნდა ჰქონდეს CERN-ში მუშაობის 3 თვეზე მეტი გამოცდილება. (3 თვეზე მეტი არ უნდა იყოს ნამყოფი ორგანიზაციაში ტექნიკური სტუდენტის, ტრენერის ან სხვა სტატუსით, ასევე აქამდე არ უნდა ჰქონდეს გავლილი აღნიშნული საზაფხულო პროგრამა.)
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენებს მაღალ დონეზე (პრიორიტეტი მიენიჭება ფრანგული ენის მცოდნე აპლიკანტს. სასურველია, აღნიშნული ენების ცოდნის შესაბამისი სერტიფიკატის ან სტუ-ის საგამოცდო ცენტრში მიღებული ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა).

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტექნიკურ პროექტზე მუშაობის პერიოდში ( 8-13 კვირა) ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია სამუშაო კონტრაქტს გაგიფორმებთ.
  • შეძლებთ დაესწროთ ფიზიკის ფართო სალექციო კურსს ( სტუდენტებს ასევე შეეძლებათ დაესწრონ Openlab-ის მიერ ორგანიზებულ IT ლექციების სერიას.)
  • გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, თითოეული 90 კალენდარული დღის განმავლობაში, მიიღებთ გარკვეულ თანხას (გადასახადების გარეშე), რომელიც გათვლილი იქნება ჟენევაში ცხოვრების პერიოდში საცხოვრებლისა და კვების ხარჯებისათვის.
  • გექნებათ სრული ჯამრთელობის დაზღვევა
  • ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია მათი ვებ-გვერდის საშუალებით, დაგეხმარებათ ოფისის მახლობლად საცხოვრებლის მოძიებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს კონკურსის მიხედვით,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი შეარჩევენ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 2022 წლის 21 იანვრამდე აღნიშნულ  ელექტრონულ მისამართზე- contact@gtu.ge  გამოგვიგზავნოთ, შემდეგი ტიპის დოკუმენტაცია (PDF ფაილები):

  • რეზიუმე
  • დიპლომის ასლი და მიმდინარე ნიშნების ფურცელი პორტალიდან
  • 2 სარეკომენდაციო წერილი ლექტორებისგან
  • სამოტივაციო წერილი

კონსულტაციისთვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, CERN-ის CMS ექსპერიმენტის ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ ზვიად წამალაიძეს -Zviadi.Tsamalaidze@cern.ch“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები