უშგულელი მხატვარი პირველ პერსონალურ გამოფენას ისტორიის მუზეუმში გამართავს
თბილისის ისტორიის მუზეუმში უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება. ის ორ ნოემბერს გაიხსნება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ფრიდონ ნიჟარაძე უშგულში მოღვაწე მხატვარია. იგი სვანეთში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ დაბრუნდა და დღემდე იქ მუშაობს. ხელოვანი მუშაობს ხეზეც და არის არაერთი ლექსის ავტორი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ფრიდონ ნიჟარაძეს გამოფენა არასოდეს ჰქონია და თბილისის ისტორიის მუზეუმში მისი პირველი გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40 ფერწერული ნამუშევარი.
,,უშგულელი უნიკალური მხატვრის, მწერლის, ფრიდონ ნიჟარაძის სახელი ბევრისთვის ალბათ სრულიად უცნობია, თუმცა მას კარგად იცნობენ ის ქართველები და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან უშგულში და ამ დიდებული სვანი მხატვრის ნამუშევრები უნახავთ. მასზე ბევრჯერ დაუწერიათ უცხოელებს, ბევრი სიუჟეტი მიუძღვნიათ საქართველოშიც, რადგან ძნელია, ნახო და არ გაოცდე, არ აღფრთოვანდე სვანეთის ერთი პატარა სოფლის პატარა სახლში გამოკეტილი ამ გენიალურობით“ -ნათქვამია ავტორის შესახებ, Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.