ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე კონსერვატორიაში მასტერკლასებს გამართავს

პროექტის “კონსერვატორიელები კონსერვატორიისთვის” ფარგლებში გრძელდება დასავლეთში მოღვაწე  წარმატებული ქართველი მუსიკოსების მასტერკლასების სერია.

14, 15, 16 დეკემბერს მასტერკლასებს ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე გამართავს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

ქართველი კლარნეტისტი, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ცხადაძე ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გატაცებულია კამერული მუსიკით და უკრავს არაერთ გამორჩეულ შემსრულებელთან თუ ანსამბლთან ერთად.

ლევანი, სისტემატურად თანამშრომლობს ქართულ ორკესტრებთან, როგორც სოლისტი და დირიჟორი. მან არაერთი საგანმანათლებლო პროექტი დააარსა სამშობლოში.

„2016-2017 წლებში ლევან ცხადაძე, როგორც მოწვეული პედაგოგი, ხელმძღვანელობდა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფს, მას არაერთ ქვეყანაში აქვს ჩატარებული მასტერკლასები და საჯარო ლექციები. მისი კვლევები მუსიკისა და კულტურის შესახებ გამოქვეყნებულია სხვადასხვა წიგნსა თუ ჟურნალში..

2013 წელს ლევანმა ჩამოაყალიბა დუეტი ჰოლანდიური მუსიკის ჯილდოს მფლობელ გიტარისტ იზარ ელიაზთან ერთად. მათ გამოსცეს საკუთარი ალბომი “Carrousel”, რომელმაც ჰოლანდიური პრესის მოწონება დაიმსახურა.

2017 წელს ლევანმა საქართველოს სინფონიეტასთან და მომღერალ კორინა რუბასთან ერთად ჩაწერა ალბომი სახელწოდებით „Ganymed“, რომელშიც იგი შუბერტის სიმღერების მისივე ტრანსკრიპციებს დირიჟორობს“, – ნათქვამია  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წელს, ამ პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა თეიმურაზ ბუხნიკაშვილის  ფაგოტის მასტერკლასები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები