ქალთა უფლებები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე – ანიეს ვარდას ფილმების რეტროსპექტივა
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, რომელიც 2021 წლის 6-დან 12 დეკემბრამდე იმართება, კინორეჟისორ ტატიანა კონონენკოს ორგანიზებით და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ფრანგი კინოხელოვანის ანიეს ვარდას ფილმების რეტროსპექტივა ეწყობა.
„„ფუდ ალიანსის“ გენერალური დირექტორის, ბატონ ჟაკ ფლორის მხარდაჭერით წარმოდგენილი ეს რეტროსპექტივა საშუალებას იძლევა თვალი გადავავლოთ ახალი ტალღის ამ ემბლემატური ფიგურის ფილმოგრაფიას. რეტროსპექტივა გაიხსნება ფილმის “ბედნიერება” ჩვენებით, რომელსაც მოყვება დისკუსია თემაზე ქალები კინოში კინოხელოვან ლანა ღოღობერიძესთან ერთად. შემდეგ კი, გაგრძელდება ლანა ღოღობერიძის ფილმის “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ჩვენებით.
ანიეს ვარდასადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა საშუალებას მოგვცემს თვალი გადავავლოთ ვარდას შემოქმედებაში წინა პლანზე წამოწეულ, ისევ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ქალთა უფლებები, მათზე ძალადობა და საკუთარი სხეულისადმი მათი დამოკიდებულება“, – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, კინოთეატრ ამირანში ფილმების “ქალთა პასუხი” და “ვიღაც მღერის, სხვა კი არა” ჩვენების წინ, 9 დეკემბერს, 16 საათზე, კინოს სახლში აწყობენ დისკუსიას მრგვალი მაგიდის გარშემო. მასში მონაწილეობას მიიღებენ : ბ-ნი დიეგო კოლასი – საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქ-ნი კაორი იშიკავა – ორგანიზაციის „UNWomen“ რეზიდენტი კოორდინატორი საქართველოში, ქ-ნი ბაია პატარაია – არასამთავრობო ორგანიზაციის „საფარი“ დირექტორი, ქ-ნი ანა თვარაძე – არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ჰერა XXI“, GrlzWave პლატფორმის თანადამფუძნებელი ქ-ნი თეკლა თევდორაშვილი და ქ-ნი ტატიანა კონონენკო – რეჟისორი და ამ რეტროსპექტივის ორგანიზატორი.