საქართველო გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
„თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებითა და მექსიკაში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით, საქართველო პირველად წარსდგება გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე, გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი, რომლის ფარგლებშიც ოთხი ღონისძიება იგეგმება:
27 ნოემბერი – ორი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ამბავი.მონაწილეები: ნინია მაჭარაშვილი („თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“), გერალდ ლაიტნერი (IFLA – საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია) და მარტინ სოლარესი (მწერალი, „გვადალახარა – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“). 28 ნოემბერი – საუბრები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. მონაწილეები: დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე. მოდერატორი: ნიკოლას კამარენა (Dharma Books). 28 ნოემბერი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები.მონაწილეები: არჩილ ქიქოძე, მარტინ სოლარესი („გვადალახარა – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“), ლუკა გრიგოლია („თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“). 29 ნოემბერი – პროფესიული ღონისძიება ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გასაცნობად. მონაწილეები: ნატალია ლომოური, ნინია მაჭარაშვილი, დათო ტურაშვილი.
გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უახლეს ქართულ გამოცემებს და ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებს. გვადალახარას წიგნის ბაზრობა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, მნიშვნელობითა და სიდიდით, მსოფლიოში მეორეა, ესპანურენოვან სამყაროში კი, ყველაზე ავტორიტეტულია და, მასში მონაწილეობას, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ესპანურ ენაზე თარგმნის ხელშეწყობისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.