პარიზში, “გრან პალეში” (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა
პარიზში, “გრან პალეში” (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის სტუმრებს სიტყვით მიმართეს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა კატრინ პეგარმა, UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ხალედ ელ-ენანიმ, პარიზის მერის მოადგილემ კულტურის, კულტურული სუვერენიტეტისა და თავისუფალი მედიის საკითხებში ფლორიან სიტბონმა, Île-de-France რეგიონის პრეზიდენტმა ვალერი პეკრესმა, Paris Livres Événements-ისა და პარიზის წიგნის ფესტივალის დირექტორმა პიერ-ივ ბერენგერმა, Syndicat National de l’Édition-ისა და პარიზის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტმა ვენსან მონტანმა.
ღონისძიებას ფესტივალის მონაწილე დელეგაციების წევრები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება. ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს.
წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი წარდგება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემითა და 10-მდე გამომცემლობით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები.
საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფცია აგებულია ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას წიგნის – „მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზე. სტენდი ფესტივალის დამთვალიერებელს ქართული მწერლობისა და კულტურის აღმოჩენაში დაეხმარება. სლოგანით – „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“ ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი პროგრამა მოიცავს თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, კინოჩვენებებს, საბავშვო ღონისძიებებს, მუსიკალურ საღამოსა და კულინარიულ პრეზენტაციებს.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი ყოველწლიურად 50-მდე ქვეყანასა და 1000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.