ფესტივალზე „La Grande Dégustation de Montréal“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ მონრეალში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე „La Grande Dégustation de Montréal“ ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.

ფესტივალი „La Grande Dégustation de Montréal“ უკვე მეთხუთმეტე წელია იმართება და ის კვებეკის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება, რომელსაც ყოველწლიურად 10 ათასამდე ვიზიტორი ესწრება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ცხრა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც კვებეკისა და ონტარიოს რეგიონებში უკვე იყიდება.

ღონისძიების სტუმრების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალს  დაესწრნენ ღვინის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინოები კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან  და სხვ ქვეყნებიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სალომე ქურასბედიანმა და საელჩოს წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები