ტოკიოში “ქართული კინოს ფესტივალი” გაიმართება

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა იაპონიის საელჩოს წარმომადგენელს,  იასუჰირო კოჯიმას უმასპინძლა.შეხვედრაზე იაპონელმა სტუმარმა ისაუბრა „ქართული კინოს ფესტივალის“ შესახებ, რომელიც ტოკიოში ჩატარდება 2022 წლის თებერვალში. ფესტივალი საკმაოდ მასშტაბურია: ერთი თვის მანძილზე 30 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები, როგორც კლასიკა, ისე თანამედროვე ფილმები.
ქართული კინოს ფესტივალი პირველად 2018 წელს ჩატარდა და მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს.ფესტივალის კურატორი ტაკეჰიდე ჰარადაა, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია და წიგნიც აქვს დაწერილი ქართულ კინემატოგრაფზე. ის წლების მაძილზე ხელმძღვანელობდა ტოკიოს ერთ-ერთ საუკეთესო კინოთეატრს – ივანამი-ჰოლს, სადაც არაერთხელ მოწყობილა ქართული ფილმების რეტროსპექტივა.  ჰარადა რამდენჯერმე სტუმრობდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ქართული ფილმების შერჩევის მიზნით.
კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ და იასუჰირო კოჯიმამ განიხილეს ფესტივალის გამეორების შესაძლებლობა იაპონიის სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. ქალაქებმა კიოტომ, ოსაკამ, იოკოჰამამ და ტაკასაკიმ უკვე გამოთქვეს რეტროსპექტივის მასპინძლობის სურვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები