საფრანგეთში ქართველი მეღვინეების სასწავლო ვიზიტი განხორციელდა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „Interco Nouvelle-Aquitaine“-ის მხარდაჭერით, საფრანგეთში ქართველი მეღვინეების სასწავლო ვიზიტი განხორციელდა.პროექტი მიზნად ისახავს ქართველ და ფრანგ ღვინის მწარმოებლებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანაშრომლობის ხელშეწყობას; პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და კულტურის საფრანგეთში პოპულარიზაციისთვის.

პროექტის ფარგლებში, ქართველი მეღვინეები საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საერთაშორისო გამოფენაზე „SITEVI” ტექნიკურ კონფერენციებსა და ფრანგული ღვინის სექტორის შესახებ ტრენინგებს დაესწრნენ, გამართეს ბიზნეს (B2B) შეხვედრები, გაეცნენ ინფორმაციას მევენახეობა-მეღვინოების დარგში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ, დაათვალიერეს საგვარეული მეღვინეობა Domaine de Rieucoulon.

ქართველი მეღვინეები, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრშიც – La Cité du Vin იმყოფებოდნენ. ცენტრი 2017 წელს გაიხსნა და პირველი მასპინძელი ქვეყანა სწორედ საქართველო იყო გამოფენით „საქართველო ღვინის სამშობლო“.

ქართული დელეგაციისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სტუმრობა ფრანგულ მევენახეობებში, სადაც ისტორიულ ღვინის საცავებს, ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების მეთოდებს გაეცნენ, დააგემოვნეს საუკეთესო ფრანგული ღვინოები (Château Smith Haut Lafitte, Château Latour Martillac, Château Loudenne, Château Pontet-Canet, Château Ferrière). ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ბორდოს ღვინით ვაჭრობის ისტორიულ უბანში, ღვინის მაღაზიაში „Chai des Chartron“ გამართულ დეგუსტაციაზე.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მარნების: Vellino Wine Cellar ანაპეა • Anapea, Gida Wine, Mtevino ∙ მტევინო, “ღვარძელაშვილის მარანი” და KateWine წარმომადგენლები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები