საქართველოს საელჩო: საქართველოს მოქალაქეებისათვის ნიდერლანდებში მოგზაურობა ნებადართულია 

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 ივლისიდან ნიდერლანდებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის კვლავ ნებადართულია. აკრძალვის გაუქმება ეხებათ:

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი საქართველოა და რომლებიც ნიდერლანდებში მიემგზავრებიან საქართველოდან. ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას მათ არ მოეთხოვებათ რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა (ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.);

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი ჩამოთვლილ ქვეყანათაგან ერთ-ერთია და რომლებიც ნიდერლანდებში ამ ქვეყნებიდან მიემგზავრებიან: ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, მათ უნდა წარადგინონ ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.

ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიდერლანდებში შემოსვლა კვლავ შეზღუდული რჩება.

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, მგზავრები ვალდებულნი არიან, აეროპორტში ატარონ პირბადე. ნიდერლანდებში შემომსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები