თამარ ჩხეიძე და ეკატერინე ყაზარაშვილი რუმინეთში IX საერთაშორისო ფესტივალზე „The Church as a Singing Family in the Christian Tradition“ იმყოფებოდნენ
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი თამარ ჩხეიძე და „მუსიკოლოგიური კვლევების“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ეკატერინე ყაზარაშვილი რუმინეთის ქალაქ იაშში IX საერთაშორისო ფესტივალზე „The Church as a Singing Family in the Christian Tradition“ იმყოფებოდნენ.
ფესტივალი ქალაქ იაშში ჩატარდა და მოიცავდა სამეცნიერო სესიებს, ბიზანტიური საეკლესიო მუსიკის კონცერტებსა და ქართული საეკლესიო გალობის მასტერკლასებს (გალობის უნივერსიტეტის ასოც, პროფ. ზურაბ წკრიალაშვილი).
ალექსანდრე ივან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორმა თამარ ჩხეიძემ – „ვნების კვირის ჭრელი სტიქარონების მუსიკალური რიტორიკა ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში“ და დოქტორანტმა ეკატერინე ყაზარაშვილმა – „წმინდა ძმები კარბელაშვილების მიერ შემონახული ქრისტესშობის მსახურების საგალობლები.“
“აღნიშნული ფესტივალი და მის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო სიმპოზიუმი წარმოადგენს შუა საუკუნეების საეკლესიო მუსიკის კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური საეკლესიო მუსიკის მკვლევრებს, მუსიკოსებსა და თეოლოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარონ სამეცნიერო სიახლეები და გააცნონ საკუთარი ქვეყნის მუსიკალური ტრადიციები.
ქართველი მონაწილეების მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა მკვლევართა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მოწმობდა როგორც სიმპოზიუმის სესიების დროს დასმული კითხვები, ისე არაფორმალურ გარემოში ქართული საეკლესიო გალობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესახებ მიმდინარე საუბრები და დისკუსიები.
ფესტივალის ორგანიზატორები და ქართველი მონაწილეები იმედს გამოთქვამენ რომ, მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება ქართველი მონაწილეების ჩართულობა, როგორც სამეცნიერო სესიებში, ისე პრაქტიკულ-საშემსრულებლო ნაწილში, რაც ხელს შეუწყობს ქართული მრავალხმიანი საეკლესიო გალობის პოპულარიზაციას და დაინტერესებას უცხოელი მკვლევრების მხრიდან”, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.