ფესტივალი „გულანი“ ქართული ანბანისა და ნაწარმის პოპულარიზაციისთვის
ქართული, ეროვნული ხასიათის ფესტივალის ჩატარებისთვის საინტერესო, ორიგინალური ფორმა შეარჩია ნიდერლანდებში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, თიკა სვანიძე – ვენკომ, რომელიც ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.
13 ივნისს, თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში“ ამ ასოციაციის სახელით კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“ (The First International Association of Georgian Calligraphy ) გაიმართა. ეს იყო ქართული დამწერლობის და ეროვნული ნაწარმის ერთ სივრცეში მოქცევის ძალიან საინტერესო მცდელობა. აქ ერთმანეთთან გადაიკვეთა ისტორია და თანამედროვეობა, რომელიც საერთო ფესვებსა და კულტურაზეა აღმოცენებული.
ფესტივალის მიმართ გამოხატული საერთაშორისო ინტერესის დასტურია ის ფაქტი, რომ მას ესწრებოდნენ: ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები, დიპლომატები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საპატიო სტუმრებს შორის იყო იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი იშიძუკა ჰიდეკი. ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ: თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრის უფროსი ირმა კიკვაძე.
ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. ვორქშოპებისა და საქმიანი შეხვედრების გარდა, ადგილზე მისულმა სტუმრებმა იხილეს: ქართველი მეწარმეებისა და თბილისის 141 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული თემატური ნამუშევრები, ასევე მოზარდების მიერ წარმოდგენილი ქორეოგრაფიული, მუსიკალური სანახაობა და საინტერესო ფორმის პერფორმანსები.
შეგახსენებთ, თიკა სვანიძე-ვენკო წლებია ნიდერლანდებში ცხოვრობს, მაგრამ თავისი საქმიანობით აქტიურადაა ჩართული საქართველოს ცხოვრებაში, ხელს უწყობს ქართველი მეწარმეების პოპულარიზაციას, არის ავტობიოგრაფიული წიგნის – „ქალი სხვა სამყაროდან“ ავტორი.
თეონა გოგნიაშვილი