ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და ბერძენი ინფლუენსერები სტუმრობენ.

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს მოგზაურებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი მოინახულეს, საზღვაო აქტივობები გამოცადეს და აჭარული ხაჭაპური მომზადების მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ევროპელი ინფლუენსერების მეორე დღე ექსტრემალურ აქტივობას – კაპნისთავის კანიონზე დაშვებას დაეთმო. აჭარაში მოგზაურობისას ინფლუენსერები ასევე, დალაშქრავენ მტირალას ეროვნულ პარკს და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გამოცდიან, მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ხეობის ულამაზეს ბუნებას გადაიღებენ და ჩხუტუნეთის მუზეუმსა და ადგილობრივ სასტუმრო სახლებს ესტუმრებიან. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები მილიონობით გამომწერს უზიარებენ. ისინი რეგიონში 12 ივნისამდე დარჩებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ აღნიშნა, რომ ციფრულ სამყაროში, განსაკუთრებულ ძალას იძენს პირველადი, გულწრფელი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მიტანა პოტენციურ ტურისტებამდე, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ინფლუენსერებს მიუძღვით.

“მნიშვნელოვანია, ჩვენი განახლებული ტურისტული პროდუქტები და სერვისები მოხვდეს საერთაშორისო ინფლუენსერების გვერდებზე, ამიტომ ვმასპინძლობთ წამყვან ბლოგერებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს აქტიურად უზიარებენ ინსტაგრამის, ტიკ-ტოკისა და ფეისბუკის მეშვეობით, სადაც საინტერესოდაა წარმოჩენილი აჭარის მთები, ექსტრემალური აქტივობები, ლაშქრობა, ბუნება და ბათუმი თავისი ღირსშესანიშნაობებით. ციფრულ სამყაროში, განსაკუთრებულ ძალას იძენს პირველადი, გულწრფელი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მიტანა ჩვენს პოტენციურ ტურისტებამდე, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ინფლუენსერებს მიუძღვით,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

იტალიელი ინფლუენსერის თქმით, საქართველოში ჩამოსვლით ბედნიერია.

„პირველად ვარ საქართველოში, თუმცა ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა კარგად ვითარდება. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი სამზარეულო, რომლის დასაგემოვნებლად ხშირად დავდივარ იტალიაში ქართულ რესტორნებში, განსაკუთრებით კარგია აჭარული სამზარეულო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი. გარდა სამზარეულოსი, ულამაზესი ბუნება და ლანდშაფტები გაქვთ. მოლოდინს გადააჭარბა თქვენმა არქიტექტურამ. საოცარია, როგორ თანაარსებობს ძველი და ახალი შენობები გვერდიგვერდ, აქ კარგად ჩანს როგორ ვითარდება ქალაქი სიძველიდან თანამედროვეობისკენ,“ ამბობს დიეგო ფუზინა, იტალიელი ინფლუენსერი.

ესპანელი ინფლუენსერის თქმით, საქართველოს ბუნებით აღფრთოვანებულია.

„ერთი სული მქონდა თუ როდის ჩამოვიდოდი საქართველოში, რადგან ბოლო წლებია მადრიდში ქართული სამზარეულოს ბუმია. ჩვენ ვცდიდით ახალ გემოებს, ვსინჯავდით ხაჭაპურს, ხინკალს. ძალიან მინდოდა ჩამოსვლა, რომ მენახა ეს ყველაფერი როგორ მზადდებოდა საქართველოში. მეორე მიზეზი იყო ალი და ნინოს ქანდაკება, ეს ძალიან რომანტიკული სიყვარული ისტორიაა, რომელიც არ ვიცი სიმართლეა თუ არა, თუმცა ძალიან მაინტერესებდა. ბათუმზე ბევრი არაფერი ვიცოდი და მიხარია, რომ ახლა მაქვს საშუალება ეს ყველაფერი აღმოვაჩინო. ჯერჯერობით ძალიან მომწონს ბუნება, ლანდშაფტები და გარემო“, განაცხადა ესპანელი ინფლუენსერმა ჯიოვანა მარმომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები