ნიკოლოზ მენაბდე  კონკურსის „prima la musica“ 2026 გამარჯვებულია

ავსტრიაში მცხოვრები პატარა მუსიკოსი ნიკოლოზ მენაბდე ავსტრიის მუსიკალური სკოლების მოსწავლეთა კონკურსის „prima la musica“ 2026 გამარჯვებულია. ნიკო კონკურსზე შემდეგი პროგრამით წარდგა:

ფორტეპიანო:
ბეთჰოვენი: საფორტეპიანო სონატა N. 1 ( პირველი ნაწილი)

ჩაიკოვსკი: “მარტი” საფორტეპიანო ციკლიდან წელიწადის დრონი.

ხაჩატურიანი: ტოკატა

ვიოლინო:
ფრანტიშეკ ალოის დრდლა : კონცერტინო

მოცარტი: სავიოლინო კონცერტი N.8 “Adelaide”

ნიკოლოზ მენაბდე მესამედ მონაწილეობდა „prima la musica“კონკურსის ფინალში და ასევე მესამედ  დაიმსახურა საპრიზო ადგილები: პირველი ადგილი და ოქროს მედალი ვიოლინოს, ხოლო ფორტეპიანოს კონკურსში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი. ის ამ კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო, რომელიც ორ ინსტრუმენტზე ასრულებდა საკონკურსო დავალებას.

“Prima la musica” ავსტრიის უდიდესი მუსიკალური კონკურსია. ის მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების გამოვლენასა და მხარდაჭერას. კონკურსი  ყოველწლიურად ავსტრიის ყველა  რეგიონში ტარდება, ხოლო გამარჯვებულები ეროვნულ კონკურსში ხვდებიან.

წელს კონკურსი აიზენშტადტში, ბურგენლანდის მხარეში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ ავსტრიის სხვადასხვა რეგიონის, სამხრეთ ტიროლისა და ლიხტენშტაინის მუსიკალური სკოლებისა და კონსერვატორიების საუკეთესო მოსწავლეები, რომლებმაც მანამდე რეგიონულ დონეზე (Landeswettbewerb) გაიმარჯვეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიკო მენაბდემ ავსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან ბავშვთა  მუსიკალურ კონკურსში, თავის ასაკში, რამდენჯერმე გაიმარჯვა ორ ინსტრუმენტზე. იგი ვენის მუსიკალური გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლეა. სწავლასა და მუსიკას შესანიშნავად უთავსებს სპორტს. ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო ეგვიპტეში გამართულ წყალქვეშა დაივინგის შეჯიბრებაშიც. გარდა ამისა, ნიკოლოზი ავსტრიაში ცნობილია ORF 2-ის მასშტაბური მუსიკალური პროექტით „ოქროს ნოტი“ (Goldene Note). ის ამ პრესტიჟული კონკურსის ფინალისტია და მიწვეული იყო ცნობილი მუსიკალური მოღვაწის, ლეონა კენიგის საავტორო ტელეგადაცემაში „Stars & Talente“, სადაც ვენის ოპერის ვარსკვლავებთან ერთად დაუკრა.

ნიკოლოზ მენაბდე კიევში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, მამა მიხეილ მენაბდე, წარსულში ბალეტის ცნობილი მოცეკვავე, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, დედა – იულია რუბანოვა მევიოლინე. ნიკოს ოჯახი 2017 წლიდან საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა. 

“ქართული კვირა” ულოცავს ნიკოს გამარჯვებას და ბევრ წარმატებას უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები