“თეატრში ყოფნას მაშინ აქვს აზრი, თუკი სასწაულს ეძებ” – მიხეილ თუმანიშვილი

11 მაისი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის – მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების დღეა..

ჩანაწერები მისი დღიურებიდან :

„ერთხელ, ღამით, როდესაც სავსე მთვარემ ჩვენს ეზოში შემოიჭყიტა და ჩვენი აგარაკის წინ მდებარე პატარა მდელოს ვერცხლისფერი შუქი მოჰფინა, ჩვენ წარმოდგენა გავმართეთ. თეთრეულის გასაშრობად გაბმულ თოკებზე ფარდების ნაცვლად თხელი საბნები ჩამოვკიდეთ და თამაში დავიწყეთ. ტყის მდელოზე გამართული სპექტაკლის ეს მოგონება, შემდგომში, სპექტაკლ „ჭინჭრაქის“ გადაწყვეტად, უფრო სწორად, თეატრალური თამაშის წესად იქცა. აქედან დაიბადა სარეპეტიციო ხერხიც – იმპროვიზაცია“.

„ოთახში სიჩუმეა. მხოლოდ საათის წიკწიკი ისმის. ცალკეული გამვლელი ან ჩანაქროლი მანქანის ხმაური თუ დაარღვევს ზოგჯერ ქუჩის ძილს. ახლა, ამ სიჩუმეში ძალიან მძაფრად ვგრძნობ, რას ნიშნავს გქონდეს რაიმეს მწველი სურვილი. ჩემი სურვილი კი ისაა, რომ ნამდვილი, ადამიანური, თანამედროვე თეატრი შევქმნა. თეატრი – ვნებიანი, მოაზროვნე, ხატოვანი“.

„ყველაზე კარგი, ჯერჯერობით, მაკეტია. მე ის უკვე მიყვარს, უკვე ფიქრებით დავდივარ ჩემი გამოგონილი ქალაქის ქუჩებში, ვგრძნობ მის სურნელს. ხან ხიდის მოაჯირზე „ჩამოვჯდები“, ხან კიბეზე „ავდივარ“, მერე ფანჯრებში „შევიჭყიტები“, ვიწრო გასასვლელებს „გავივლი“. სამრეკლოს სიმაღლიდან არე-მარეს „შევათვალიერებ.“ ეს რამდენი სახურავია ირგვლივ… მინდა, თოკს მოვქაჩო, რომ ზარმა დარეკოს, მაგრამ მეშინია, ეკლესიის მინაშენიდან ნამძინარევი დიეგო გამოძვრება და გამლანძღავს. ეჰ, რა კარგია ჩემს კორდოვაში ცხოვრება”

„მხატვრის მოლოდინში თვითონ მოვიფიქრე „ბაკულას“ დეკორაციები“. წიგნიდან ამოვხიე მოთხრობის ფურცლები და მაკეტში კულისების მსგავსად განვათავსე. ძალიან საინტერესო გამოვიდა – თითქოს გაცოცხლებული გვერდებიაო“

“გუშინ იურა გეგეშიძესთან ერთად „ქალაქის“ მაკეტზე ვმუშაობდი. სამყაროს „სახეს“ მივაგენით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მიტოვებულ სახლს წააგავს. ეს ცხოვრებისა და სამყაროს სრულიად სხვა, ახალი რაკურსით აღქმაა. ფარდები, ფანჯრის ჩარჩოები, დამსხვრეული მინები, აბლაბუდა, დაშლის და ლპობის კვალი. კედლებს შუა ორპირი ქარი დანავარდობს. დაძველებულ ანჯამებზე კარი ჭრიალებს, ოთახში ძველებური, ვენური სკამებია მიყრილ-მოყრილი. კედელზე, ლურსმანზე დაბრეცილად კიდია ჯგუფური ფოტო იმ ადამიანებისა, აქ რომ ოდესღაც ცხოვრობდნენ. ისინი იღიმებიან. ძველმანებს შორის გროვაში, სადღაც კუთხეში, ძველი პატეფონი გდია, იქვეა არგენტინული ტანგოს ძველი ფირფიტები, იქვეა მტვრიანი გიტარაც. ეზოდან ფანჯრებში გამხმარი ბუჩქის ტოტები შემომძვრალან. იატაკიდან რაღაც მცენარე ამოზრდილა, მგონი ლეღვია. საათი გაჩერებულა – იქნებ, მექანიზმი აქვს ამოცლილი. აქვეა ქოთანი გამხმარი ფიკუსით, ლამპა – „ელვა“… იქნებ, კუთხეში ძველებური საფლავის ფილა დევს (ნეტავ, საიდან აღმოჩნდა აქ?), ზედ გამოსახული ჩოხიანი კაცით. იატაკზე კათხა დგას, მორჩენილი ლუდით. და გამჭვირვალე, მთრთოლარე ფარდები კედლებზე.. ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ, საკერავი მანქანა „ზინგერით“ კერავდნენ… ახლა კი ყველა წასულია… აქ ყველაფერი მიტოვებულია. აი, ვარსკვლავები აინთო: ამ ძველ ოთახებში მოხეტიალე ლანდებია, მოგონება-სულები. ადამიანებო, ნუ დაკარგავთ წამებს, რომლებიც მოგეცემათ. ცხოვრების ბედნიერება კასრებით დალიეთ და არა სირჩით, დოქით და არა კოვზით. ნუ დაკარგავთ იმას, რაც მხოლოდ ერთხელ გეძლევათ..”

“მე ყოველთვის ვდგამდი სპექტაკლებს საკუთარ თავზე, ჩემს ახლობლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ცხოვრებაში შევხვედრივარ, მაგრამ, უფრო ხშირად, მაინც – საკუთარ თავზე. ყოველთვის მინდოდა, სხვადასხვაგვარად გამეთამაშებინა ის, რაც ცხოვრებაში გადამხდენია, ყველანაირი ამბავი – სასიამოვნოც და უსიამოვნოც. ჩემს ცხოვრებაში კი არცთუ ცოტა რამ მომხდარა. როდესაც შემძლებია, ჩემი განცდები, ჩემი ნაამბობი (მოვლენებისადმი საკუთარი დამოკიდებულება) მაყურებლამდე მიმეტანა, მიმეტანა ჯერ მსახიობამდე, შემდეგ კი მაყურებლამდეც – სცენა გამოსულა. როდესაც შემძლებია, საკუთარი განცდები და მღელვარება გამეზიარებინა მაყურებლისთვის (ღელვით კი მუდამ ვღელავ), როდესაც შემძლებია მეორე პირის, მსახიობის მეშვეობით საკუთარი ბედნიერების ან უბედურების შესახებ მეამბნა – სცენა, ჩვეულებრივ, გაცოცხლებულა ხოლმე, ცხოვრებით ავსებულა და მაყურებელთა დარბაზიც აუღელვებია.ხოლო, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ გულსგარეთ მივდევდი ავტორისეულ თხრობას, მისეულ სიტყვებს – არაფერი გამოსულა”

“თავს იმ იმედით როდი ვიმშვიდებ, რომ მაყურებლისთვის თეატრი – ტაძარია, მაგრამ მსახიობებისთვის ის უნდა იყოს ტაძარი. თუ არადა, რა აზრი აქვს, ემსახურო მას?! თუკი ის არ განგწმენდს, არ გაგაკეთილშობილებს, თუკი ის მხოლოდ ბალაგანია, სახიობა, მაშინ რისთვისღაა საჭირო?! თეატრში ყოფნას მაშინ აქვს აზრი, თუკი სასწაულს ეძებ, რომელიც ცხოვრებაში არ იპოვება. თეატრი ადგილია, სადაც ლაპარაკობენ და ქმნიან მთავარს: რისთვის ვარ, რისთვის ვართ, როგორები ვართ, როგორები უნდა ვიყოთ? თეატრი იმისთვისაა, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს და გაოცდნენ”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები