ალექსანდრე ბზიაშვილი – მომავალი ელიტარული შერიფი

ალექსანდრე ბზიაშვილმა ისტორია დაწერა – ის პირველი ქართველია კალიფორნიაში, საკრამენტოში, რომელმაც პოლიციის აკადემიის ყველა მოდული უმაღლესი ქულით დაამთავრა და მალე ელიტარული შერიფი გახდება. სწორედ ამიტომ, ბევრისგან განსხვავებით, მომავალში მას ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატში შეეძლება მუშაობა. დღეს სანდრო ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის შერიფია. აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ კი ახალი შეთავაზებებიც მიიღო.

Სანდრო ბზიაშვილი 8 წელია  ამერიკაში ცხოვრობს, ამ ხნის მანძილზე შრომობდა, მუშაობდა და სწავლობდა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ბავშვობიდან დაისახა. როგორც მისმა დედამ გვიამბო, ჯერ კიდევ ძალიან პატარა განერვიულებულა, როცა დასასვენებლად მთაში წაუყვანიათ, სადაც ინტერნეტი არ ექნებოდა და ამის გამო ერთ – ერთ ონლაინ თამაშში პოლიციელის გამოცდებს ვერ ჩააბარებდა. ამ შემთხვევიდან 19 წლის მერე აისრულა თავისი ოცნება და დღეს უამრავი სირთულის გადალახვის შემდეგ, პირველი ქართველი წარჩინებული კურსდამთავრებული გახდა კალიფორნიაში და ის უმაღლესი ჩინის მქონე პირებმა პირადად დააჯილდოვეს. ყველას გააცნო და შეაყვარა თავი და თავისი ქვეყანა.

“გილოცავ დედა, შენ გყავს ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიაში, პოლიციის აკადემია დამთავრებული შვილი “ — მირეკავს ამ წამს სანდრო!!! როგორ არ უნდა ვიამაყო”, – წერს სოციალურ ქსელში ლელა ნინუა.
ჟურნალისტ ლელა ნინუას, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. ჩვენი მკითხველიც არაერთხელ შეხვედრია მას. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც დავუკავშირდით ლელას და გავესაუბრეთ.
ლელა ნინუა: ვულოცავ ჩემს შვილს ამ წარმატებას, ასევე ვულოცავ მის არაჩვეულებრივ მოდერატორს თამარ მოსიძეს, ადამიანს, რომელმაც ერთადერთი ზარით და გასაუბრებით ჩემი სანდროს გზა და სურვილი ამ დღემდე გაკვალა. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესს ლედი არაერთი კეთილი ქართული საქმის ავტორია და კიდევ ერთხელ, დიდი მადლიერებით, დიდ მადლობას ვუხდით მთელი ოჯახი გვერდში დგომისა და დაფასებისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
ყველა დედას  ვუსურვებ ამ სიამაყის განცდას. მადლობა  ყველა ქართველს, ვინც დაესწრო სანდრო აკადემიის დამთავრებას.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლალი ჩუბინიძეს და თაზო ნათენაძეს, Სანდროს ახალი ცხოვრების დასაწყისი ამ კეთილ ადამიანებს უკავშირდება. ეს სანდროს ოჯახია, მათ შვილივით მიიღეს ის და უანგაროდ უწევენ დახმარებას. მადლობა ამ ადამიანებს.
სანდროს წარმატებების შესახებ გაიგეს სრულიად უცხო ადამიანებმა, დრო  გამონახეს და დაჯილდოებაზე მოვიდნენ, სრულიად უცნობი, უცხო ქართველები ძალიან მშობლიურები გახდნენ. საღამო ხანს კი ლალის და თაზოს ოჯახში მოვიყარეთ თავი, ზოგს ხინკალი მოუხვევია, ზოგს ნამცხვრები დაუცხვია, ტაფებით გადმოჰქონდათ ყველაფერი, არაფერი ენანებოდათ… ამას იცით რატომ გიყვებით, იმიტომ, რომ ყველაფერი ფულზე არ იყიდება… ქართველობა იყო, არის და იქნება ურთიერთობა!”
სამწუხაროდ, ალექსანდრეს პროფესია და სამსახური ბევრის თქმის და დაწერის უფლებას არ გვაძლევს. “ქართული კვირა” ულოცავს მას ამ დიდ წარმატებას და იმედი გვაქვს, რომ მალე გაგვახარებს ახალი მიღწევებით.
რუსუდან ვარძიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები