ინეგოლის ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს სასცენო კოსტიუმები გადაეცა
2021 წლის 4 დეკემბერს, თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსის – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ,,ინეგოლის კავკასიური და ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ ბაზაზე მოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლს სამინისტროს მიერ შეძენილი სასცენო კოსტიუმები გადასცა.
ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გიორგი ჯანჯღავამ, აგრეთვე, ისაუბრა იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ,,ინეგოლის კავკასიური და ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ ბაზაზე ფუნქციონირებს ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ,,ჩვენებურები“. აღნიშნულ ანსამბლს, რომელსაც ამ ეტაპზე, 80-მდე აღსაზრდელი ჰყავს, მრავალ საერთაშორისო ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული და რამდენიმე ფესტივალის გამარჯვებულია. ამასთან, ასოციაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად, იმართება ინეგოლის საერთაშორისო ცეკვების ფესტივალი „ჩვენებურები“, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა, ასოციაციასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი და აგრეთვე, საქართველოდან მოწვეული ანსამბლები წარმოადგენენ თავიანთ ხელოვნებას. ანსამბლი აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას თურქეთში.