“ჩემი დაბრუნების მიზეზი სამშობლოს უკეთეს მომავალში მონაწილეობის სურვილია“- არჩილ მეგრელიშვილი
ეს მასალა ამბავზეა, თუ როგორ აისრულა ნიჭიერმა ქართველმა „ამერიკული ოცნება“ იმისთვის, რომ შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულიყო და პროფესიული განვითარების პირველი ნაბიჯები ქვეყნის მთავარ თეატრში გადაედგა.
არჩილ მეგრელიშვილი 2016 წელს ნიუ–იორკის შტატში „Colgate”-ის უნივერსიტეტის ლიბერალ არტსის ფაკულტეტზე ამერიკული მხარის სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და 2019-ში თეატრის რეჟისორის სპეციალობით დაამთავრა. მანამდე ისწავლა თბილისის საერთაშორისო აკადემიაში „ლოგოსი“, რომელიც ოქროს მედლით დაამთავრა.
თავიდან ამერიკაში, ქივესტზე არსებულ თეატრში რეჟისორის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ, თავისი გეგმის სრულად განხორციელებაში პანდემიამ შეუშალა ხელი. ამჟამად ის თბილისშია, სადაც ამერიკელ რეჟისორთან ერთად სპექტაკლზე სამუშაოდ ჩამოვიდა.

პირველ და ორ ივლისს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში შედგა პრემიერა, რომელზედაც მაყურებელმა იხილა ამერიკელი დრამატურგის, ედვარდ ოლბის ცნობილი პიესა “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?”. სპექტაკლი ქართველ დასთან ერთად ამერიკელმა რეჟისორმა, ადრიან გიურგეამ დადგა. არჩილ მეგრელიშვილი სწორედ ამ სპექტაკლის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს.
– არჩილ, საუბარი თუმანიშვილის თეატრის პრემიერით დავიწყოთ, როგორ ჩაიარა?
– ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქართულ თეატრში ამერიკულისგან განსხვავებით განსხვავებული პრობლემებია. აქ ხალხი გამოწვევებს განსხვავებულად უდგება. ბოლო სამუშაო თვე დაძაბული იყო, მაგრამ პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა.
– სპექტაკლის სამუშაო ჯგუფში როგორ აღმოჩნდი?
– სპექტაკლის რეჟისორი ამერიკაში ჩემი პროფესორი იყო, ის კარგად მიცნობს, კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები. როცა შემოთავაზება მივიღე, პროექტში მონაწილეობაზე სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილებაა. ამის გარდა, დასის ცნობილ ქართველ მსახიობებთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია და შემოქმედებითი სიამოვნება.
– ამერიკელმა რეჟისორმა ინტერვიუში თქვა, რომ სპექტაკლი იმ საშინელ დროზეა, როდესაც ყველა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობდაო, რამდენად ასწავლის ამას თეატრი მაყურებელს?
– რთული საკითხია. ჩემი აზრით, სანამ ხელოვნება ხალხს რამეს ასწავლის, იქამდე ცხოვრებაში ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, ჯერ თავად მაყურებელი უნდა გაიზარდოს ისე, რომ შემდეგ თეატრში ხელოვნების ფორმით წარმოდგენილი ცხოვრებისეული სიბრძნე გაიაზროს და გაიზიაროს. არ ვიცი ამ ყველაფერს მაყურებელს როგორ გადავცემთ, მაგრამ იმედია, მათთვის კარგი განწყობის შექმნას მოვახერხებთ.
– როგორ დაინახე ქვეყანა, რომელშიც ამდენი წლის მერე დაბრუნდი?
– საქართველოში, თბილისში მაინც, ბევრი რამაა შეცვლილი და ჩემი აზრით, უკეთესობისკენ. ქალაქის ქუჩები ხალხმრავალია, ავტომანქანებიც მომრავლდა. ეს ერთი მხრივ, კარგია, რადგან ეკონომიური შესაძლებლობის მაჩვენებელია, მაგრამ მეორე მხრივ, საცობებმა ქალაქში თავისუფლად გადაადგილება ძალიან გაართულა. მოკლედ, ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს…
– ახლო მომავალში რაიმე ჩანაფიქრი ხომ არ გაქვს?
– ახლო მომავალში მინდა, რომ ფოთის ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალს დავესწრო.
– ზოგადად რა მოგცა ამერიკამ და რა გაგყვა საქართველოდან, რაც შემდგომში პროფესიული თვალსაზრისით გამოგადგა?
– ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქედან წავიღე, თეატრისადმი დამოკიდებულება და ჩამოყალიბებული ხედვა იყო. ამას ამერიკაში წასვლამდეც ძალიან ვაფასებდი. ეს გახდა იმის წინაპირობა და სტიმული, რომ ჩემი თეატრალური ცოდნა ოკეანის იქით გამეღრმავებინა. ამერიკაში განსხვავებული თეატრის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე. მივიღე ცოდნა სხვა სახის ტექნიკურ საშუალებებსა და თანამედროვე ფორმებზე, რომლებსაც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე იყენებენ.
– მას შემდეგ, რაც ამერიკაში ისწავლე რამდენად შეიცვალა თეატრისადმი შენი განწყობა?
– ამერიკაში სწავლის დროს, საქართველოში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებდი. ჩემი დაბრუნების მიზეზი სამშობლოს უკეთეს მომავალში მონაწილეობის სურვილია. რაც შეეხება, ქართულ თეატრს, მის მიმართ ჩემი განწყობა არასოდეს შეცვლილა. არ მახსენდება შემთხვევა, რომ საქართველოში რომელიმე თეატრში წავსულიყავი და ჩემთვის ეს განსაკუთრებული, ამაღლებული განწყობის მიზეზი არ გამხდარიყო. წლების მერე, ეს განწყობა გამიმძაფრდა და უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ პროფესიულ არჩევანში არ შევმცდარვარ.
თეონა გოგნიაშვილი


