ფრიდონ ინჯია: „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაო გამოცდილება აქვს რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლის

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაო გამოცდილება აქვს რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლის“ – ამის შესახებ 8 ოქტომბერს საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ნათლად ჩამოყალიბდა და განხორციელდა 2003 წელს, რომელსაც შემდგომში დაერქვა „ვარდების რევოლუცია“ .

„ყველა გათვლებით, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი გუნდი მოვიდა მმართველობაში, ხელისუფლებაში იყო სხვა მდგომარეობა. პირველი ის, რომ ხელისუფლება იყო მძიმე ვითარებაში და პრაქტიკულად, არაფერზე არ აგებდა პასუხს და ამასთანავე, ეკონომიკა იყო დაბალ დონეზე. ამასაც თავისი სხვადასხვა საფუძველი და არგუმენტი ჰქონდა, მაგრამლ, პირველ რიგში, ხელისუფლების ცვლილება განაპირობა საარჩევნო პროცესმა. მაშინ იყო გაყალბების უმაღლესი დონე, სრული გაყალბება და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო ხალხის მობილიზება. ამის მუხტი სწორედ არჩევნების გაყალბება იყო“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დეპუტატის მოსაზრებით, დღეს არსებული საარჩევნო კოდექსი დიამეტრულად განსხვავდება წინა კოდექსისგან და შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციური განსხვავებაა. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაყალბება პრაქტიკულად, არ ყოფილა.

„ვერც ერთი ოპოზიციური პარტია დღეს ვერ მოიზიდავს საზოგადოებას იმით, რომ თითქოს 2 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ჩვენმა პარტიამ – „ევროპელი სოციალისტები“ – ავიღეთ საჭირო ხმები იმ ადგილებში, სადაც ვიღებდით მონაწილეობას და ვფიქრობ, ჩვენ 5 მანდატი გვექნება. ეს კი, 6 თვის წინ შექმნილი პარტიისთვის არც თუ ისე ცოტაა. აქედან გამომდინარე, გაყალბების მოტივაციით, ხალხი პროტესტისთვის არცერთ ოპოზიციურ ძალას არ გაყვება“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სხვა საკითხია როგორ მიმდინარეობდა არჩევნების წინა პერიოდი. ეს იყო აგიტაცია, ძალადობა, თუ მოსყიდვა. თუ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, მაშინ არსებული საარჩევნო კოდექსი კიდევ უფრო მეტად არის დასამუშავებელი და მასში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი და განსაზღვრული რა შეიძლება და რა არა არჩევნებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები