ქუჩიდან დაწყებული კარიერა ოკეანის მიღმა და სპორტსმენის ამერიკული გზა მასწავლებლობამდე

რამდენიმე წლის წინ საქართველოდან ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, გიორგი ჯიქია წავიდა. მისი „ამერიკული ოცნება“ რთულად დაიწყო, თუმცა ისტორიას საინტერესო გაგრძელება ხვდა წილად.  ფიზიკური შრომიდან და ქუჩაში ცხოვრებიდან დაწყებული კარიერა ოკეანის მიღმა და სპორტსმენის გზა  მასწავლებლობამდე – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი საკუთარ ამბავს „ქართული კვირის“ მკითხველს ნიუ-იორკიდან უყვება.

_  როგორ მოხვდით ამერიკაში – რა გზა გაიარეთ და რა სირთულეები შეგხვდათ?

ამერიკაში ჩამოსვლა და ცხოვრება რომ არც ისე მარტივი საქმეა, საქართველოში ბევრისთვის ცნობილია. ჩემი გზაც ამერიკამდე იოლი ნამდვილად არ ყოფილა. დავიწყოთ იმით, რომ აშშ-ის საელჩოს 7-ჯერ მივმართე და 7 უარის შემდეგ მივიღე ვიზა. მაშინ ბელგიაში ვვარჯიშობდი და ბელგიის კარატეს ეროვნული ფედერაციის მთავარი მწვრთნელის წერილი დამეხმარა.

_ როგორ აღმოჩნდით ამ სპორტში და რას საქმიანობდით მანამ, სანამ  ბავშვებთან მუშაობას დაიწყებდით?

_ რა თქმა უნდა, კარიერა და წარმატება ასე პირდაპირ არ მოსულა. როგორც ბევრს, მეც მომიწია საწყის ეტაპებზე სხვა საქმიანობისათვის მომეკიდა ხელი. მეგობრის დახმარებით დავიწყე ყველაფერი – მასთან ვმუშაობდი და მასთანვე ვცხოვრობდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ერთ დღესაც მისგან წამოსვლა და ყველაფრის ხელახლა დაწყება მომიწია. შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ნულიდან, ქუჩაში ცხოვრებიდან დავიწყე ყველაფერი. ვცდილობდი, ნელ-ნელა, ეტაპობრივად გამეუმჯობესებინა ჩემი ცხოვრება, დღე-ღამეში 13-14 საათს ვმუშაობდი ფიზიკურად – ხელოსნად და მაინც ვპოულობდი ვარჯიშისათვის დასათმობ დროს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდით მედგნენ და მხარს მიჭერდნენ, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი სწორი რჩევებით.

_ როგორ მოახერხეთ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეგეცვალათ? 

_ ამერიკის ნაკრების მწვრთნელი საკუთარ დარბაზში მატარებინებდა ვარჯიშებს, სწორედ მისგან წამოვიდა იდეა, რომ მე დამოუკიდებლად მუშაობა უნდა დამეწყო. ის იყო მთავარი მოტივაციაც – მითხრა, რომ ნიჭიერი ვიყავი და შემეძლო, ცხოვრებაში წარმატებისათვის მიმეღწია, ის კი მუდამ მხარს დამიჭერდა. ეს მხარდაჭერა დღემდე გრძელდება.

_ რას ნიშნავს თქვენთვის კარატე და ზოგადად სპორტული ცხოვრება?

_ მარტივად რომ გითხრათ, კარატე  ჩემთვის ყველაფერია. ეს ის საქმიანობაა, რომელსაც 22 წელი მივუძღვენი და რომლის წყალობითაც ვთვლი თავს რეალიზებულ ადამიანად. კარატე ძალიან გასხვავდება ყველა  სპორტისაგან, ეს არა მარტო სპორტი – ცხოვრების წესია, რომელსაც განსაკუთრებული დისციპლინა, პატივისცემა და ტრადიციები ახლავს თავს. მე, როგორც ამ ყველაფრის ნაწილი, ხალიჩაზე ვარ ის, ვინც ვარ  და ეს წარმოუდგენლად სასიამოვნო განცდაა.

_ ვინ არიან თქვენი მოსწავლეები და რას ეუფლებიან ისინი? 

_ ამ საქმეს რომ მოვკიდე ხელი, ერთი მიზანი მქონდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველი ბავშვებისათვის გადამეცა. მათ მხოლოდ სპორტი არ აერთიანებთ – ესაა სივრცე, სადაც ისინი სხვა ქართველ თანატოლებთან ურთიერთობენ, ვაწყობთ შეხვედრებს მშობლებთანაც, ბავშვები არ კარგავენ ქართული ენის სიყვარულს, მეგობრობენ – სრულიად განსხვავებული სივრცე შევქმენით აქ. 3 წლის ასაკიდან ვავარჯიშებ ბავშვებს და ვაცნობ კარატეს ტრადიციებს, ვფიქრობ, ეს სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მათი ფიზიკური მონაცემების განვითარებისათვის, არამედ ბევრი სხვა ადამიანური თვისების შესაძენადაც. რამდენიმე ქალაქში მყავს ჯგუფები და ხშირად მიწევს ხოლმე ერთი ადგილიდან მეორეგან გადასვლა, თუმცა, როცა  შენი  საქმე გიყვარს, პატარა სირთულეები ვერ გაშინებენ.

_ როგორც თქვენი სოციალური ქსელიდანაც კი ჩანს, მოსწავლეებისათვის არამარტო მასწავლებელი, მეგობარიც ხართ – გვესაუბრეთ თქვენი და თქვენი მოსწავლეების ურთიერთობაზე…

_ ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან სწორი კომუნიკაცია ჩემი ერთ-ერთი დადებითი მხარე მგონია. ჩვენ ვართ არა მწვრთნელი და მოსწავლე, არამედ მეგობრები, რომლებიც კარატესთან ერთად, ადამიანურობას, სიყვარულსა და მეგობრობას ვსწავლობთ. უფროსებსაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ბავშვებისაგან – ამაში დღითი დღე ვრწმუნდები. მნიშვნელოვანია, სწორად განვსაზღვროთ მათთან საუბრის ენა და არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი პატარები არიან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავცდეთ კორექტულობის საზღვრებს, რაც არ უნდა დააშავონ, რაც არ უნდა გააკეთონ არასწორად. არის შემთხევები, როცა მათთვის ბევრი რამის ახსნა  მიწევს და არასდროს დავზარდები,  ვუმეორო, რომ ისინი ერთმანეთის მეტოქეები კი არა, მეგობრები არიან და რომ ყველაფერი ამ ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს.  სულ ვეუბნები ხოლმე, რომ თუ უნდათ, იყონ წარმატებულები – ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, მშრომელი და ძლიერი ადამიანები უნდა გახდნენ.

_ ბავშვებისგანაც იღებთ საპასუხო სიყვარულს?

_ რა თქმა უნდა. ერთი ამერიკელი გოგონა მახსენდება, სულ ხუთი წლისა  იყო. ძმის დაბადებას ელოდებოდა და თურმე, მთელი მონდომებით არწმუნებდა მშობლებს, ძმისათვის ჩემი სახელი, ჯორჯი დაერქმიათ. მისი დაჟინებული თხოვნით, ბიჭს მართლაც ჯორჯი დაარქვეს.

_ რა სამომავლო გეგმები გაქვთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს?

_ სამომავლოდ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, მინდა მეტი მოსწავლის აყვანის, გაფართოების საშუალება მქონდეს. ნაკრების მწვრთნელის დახმარებით, სპონსორების მოძიებაზეც დავიწყეთ ფიქრი. გეგმები დიდია და ჩვენც შრომა და მონდომება არ გვაკლია, დანარჩენს კი ყველანი ერთად ვიხილავთ!

ავტორი: თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები