გერმანიაში ქართული ხელოვნების სახლი გაიხსნა
8 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დარმშტატში ქართული ხელოვნების სახლის ,,Blue Face“ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ქართული ხელოვნების სახლში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ქართული ენა, ხელოვნების ისტორია, ხატვა და მუსიკა. ,,Blue Face” გამოყენებულ იქნება როგორც საგამოფენო სივრცე და ლიტერატურული ღონისძიებების გამართვის ადგილი. საქართველოს გენერალური საკონსულო უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ქართული ენის სახელმძღვანელოებსაც გადასცემს ახალგახსნილ ხელოვნების სახლს.
,,Blue Face“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე, რომელმაც ხელოვნების სახლის დამფუძნებელს, გერმანიაში მოღვაწე ქართველ მხატვარ ბაჩო ჭამელაშვილს მნიშვნელოვანი ქართული საქმის წამოწყებისათვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ხელოვნების სახლის შემდგომ საქმიანობაში. ხელოვნების სახლს სიმბოლურ საჩუქრად საქართველოს დროშა გადაეცა.