ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა „შოთაობა“ აღნიშნეს
ისრაელის ქალაქ ხულონის შოთა რუსთაველის სახელობის პარკში “შოთაობის” დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიება ისრაელში საქართველოს საელჩოსა და დიასპორული ორგანიზაციების „მამული“ და „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ მხარდაჭერით იმართებოდა.
დღესასწაულზე შესრულდა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ლექსები და ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“ ქართულ და ებრაულ ენებზე. დღის განმავლობაში, „შოთას პარკში“ მისი აფორიზმები და ქართული ხალხური სიმღერები ისმოდა.
„შოთაობას“ ესწრებოდნენ როგორც ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ებრაელები, საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია და ხულონის მერი, მოტი სასონო.
ისრაელის ქალაქ ხულონში შოთა რუსთაველის პარკი 2014 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ყოველწლიურად შემოდგომაზე „შოთაობის“ დღესასწაული სწორედ ამ პარკში აღინიშნება.