გურული მოჯირითეები ამერიკაში და მათი კვალი „ველური დასავლეთის შოუებზე“

გურიიდან ამერიკაში წასული მოჯირითეების ისტორია 1892 წელს იწყება, როცა ბათუმში თომას ოლივერი ჩავიდა. ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილის წარმომადგენელს დავალებული ჰქონდა, ველური დასავლეთის შოუსათვის ცხენოსნები ამოერჩია. ოლივერს ბათუმში ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე შეხვედრია და სწორედ ის დახმარებია, გურიაში 10-კაციანი ჯგუფი შეკრებილიყო ივანე მახარაძის მეთაურობით.

ბაფალო ბილ ქოუდის არქივიდან- ე.წ. რუსი კაზაკები იგივე გურული მხედრები ლონდონში, მარჯვენა კუთხეში პირველი გუნდის ლიდერი ივანე მახარაძე, 1892 წ.

„ამას წინათ წავიდა აქედამ გურიაში ჩიკაგოს გამოფენის გამგებელთა სანდო კაცი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, შეჰკრიბე რამდენიმე ცხენოსანი გურული ვაჟკაცი და ჩიკაგოს გამოჰგზავნეო. ამ კაცს უკვე შეუკრებია ეს დასი, რომელშიაც 10 კარგი ვაჟკაცია, მშვენივრად გამოწყობილი და შეთოფ-იარაღებული. ეს დასი 13 თებერვალს უკვე ჩამოვიდა ბათუმს და ამ მოკლე ხანში გაემგზავრება კიდევაც ამერიკას“

გურიიდან წასული მხედრები ინგლისში  შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის „Wild West Show – ველური დასავლეთის შოუს“, ხოლო 1893 წელის 29 მარტს გემმა „ჩესტერმა“ პირველი გურულები ამერიკაში ჩაიყვანა.

პირველ დოკუმენტებში, რომლებიც მათ ამერიკაში დასჭირდათ, გვარების გვერდით მითითებული იყო პროფესია – მხედარი. თუმცა, შედარებით გვიანდელი პერიოდის წყაროებში ეს სიტყვა „არტისტმა“ ჩაანაცვლა.

დაახლოებით 2 კვირაში ამერიკაში გურულ მხედართა კიდევ ერთი ჯგუფი ჩავიდა და მას შემდეგ, რეგულარულად – მინიმუმ 2 ასეთი ჯგუფი მიემგზავრებოდა ოკეანის მიღმა.

გურულები “რუსი კაზაკების” სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ადგილობრივთა ცხენოსნურ ტექნიკაზეც, ცხენოსანთა შორის რამდენიმე ქალიც გახლდათ.

“ბაფალოს ველური დასავლეთის შოუს” აფიშა

სწორედ მსგავსი ოსტატების შესახებ წერდა უცნობი გურული: ,,ერთი ციცაი იყო ენ ოქლი იმისანა მსროლელი მე მისდღემჩი არ მინახავს მისი ქმარი ჩაიდობდა პირში სიგარეტს. ოქლი შორიდან დუუმიზნებდა თოფიდან გეისვრიდა და გააგდებინებდა პირიდან. მიზანს ერთჯერ არ ააცილებდა.”

როგორც ამბობენ, ემიგრანტთა მთავარი მოტივი ანაზღაურება იყო – მოჯირითეებს, რომელთა საშუალო ასაკიც 25 წელს არ აღემატებოდა 50 დოლარს (იმდროინდელი კურსით დაახლოებით 100 რუბლს) უხდიდნენ.

ბევრი მათგანისათვის შოუდან მიღებული შემოსავალი საკმარისი არ იყო, ამიტომ მოჯირითეებს სხვა სამუშაოს მოძიებაც უწევდათ ხოლმე. უცნობი გურული მხედრის დღიურიდან:

“ფოსტოფისში ჩვენებურად ფოჩტაში ვმუშაობდი. შესაფერი სამუშავო არ იყო მარა რაცხაფერაი უნდა მეშონა პურის ფული. ქალაქში ჩამევიდა დიდი ცირკი იანკები შოვს რომ უძახიან კვირა დღე იყო. მე და ჩემი აფხანაკები სეირის საყურებლათ. ვეებერთელა ვაკე არდგილი იყო ირგვლივ ხალხი იჯდა ამფერი ცირკი მისდღემჩი არ მქონდა ნახული იმხელა იყო კაცი კაცს ხმას ვერ მიაწდენდა. ჯირითობდენ სალდათები გერმანელები ფრანცუზები. სიდან არ იყვენ ჩამოსულები. ინდიელები გამოჩდენ ღრიალით დააყაჩაღენ თეთრი ფერმერები. მერე მევიდა ჯარი. სულზე მიუსწრენ ჯარი სროლილობდა ტყვიას და ყვიროდენ სა გაგვექცევა მაი ინდიელებიო. ერთიანად გაჟუჟეს იგენი ატყდა დიდი ტაში ყმაყოფილი დავრჩით. ბოლოს კი გამოაცხადენ კაზაკებიო. ერთი კი გევიფიქრე რუსეთიდან თუ ჩამევიდენ მეთქი. გამევიდა რამდენიმე მხედარი იქნებოდა 10-12 კაძახი, დაარტყენ წრე და უცფათ დეიწყეს ქართული სიმღერა. გევილურსე ყურებს არ დოუჯერე სიხარულისგან ისთე წამოვხტი რომე ჩემს აფხანაკებს შეეშინდა რა ეტაკა ამ აბდალასო. აგენი ჩემებურები არიან მეთქი! შოვი რომ დამთავრდა მივედი მათთან გურულები ხართ მეთქი შევეკითხე გურულები ვართო! ისთე გოუხარდათ ენით ვერ ავწერ”. 

მოჯირითე ბარბალე ზაქარეიშვილი. 1912წ

„ბაფალო შოუს“ ერთი წარმოდგენა 10-12 ათას მაყურებელს იტევდა და იქაურობა „ცოცხალ გამოფენას“ ჰგავდა. წარმოდგენაზე გურული მხედრები აკეთებდნენ იშვიათ ტრიუკებს და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ეროვნული ტანისამოსი. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები, ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი.  რუზველტმა ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს, გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა. სამშობლოში დაბრუნებულ ჩხაიძეს საბჭოთა ხელისუფლებისგან პატიმრობა ემუქრებოდა და ამიტომ  იძულებული გახდა, ბეჭედი გაეყიდა.

გარად საჩუქრებისა, ქართველ ცხენოსნებს თეთრ სახლშიც ეპატიჟებოდნენ. ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი მიიღო პრეზიდენტმა უილიამ მაკ-კინლიმ, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილები კი გროვერ კლივლენდმა.

გურული მოჯირითეების ამერიკულ ასპარეზობას წერტილი პირველმა მსოფლიო ომმა დაუსვა. ომის დროს დაიკეტა საზღვრები და თითქმის შეუძლებელი გახდა ოკეანის მიღმა გადასვლა. მოჯირითეთა ნაწილი ომის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ გურიას, ნაწილი კი სამუდამოდ დარჩა ემიგრაციაში. გურულთა „ჩასანაცვლებლად“ ამერიკაში ჩასულმა კაზაკთა ჯგუფებმა ვერ მოახერხეს მაყურებლებისათვის ძველებური სანახაობა შეეთავაზებინათ. საგულისხმოა ისიც, რომ ადრეულ წლებში ქართველი მხედრები თავს ხშირად კაზაკებადაც ასაღებდნენ. როგორც ამბობენ, ეს ერთგვარი ტრიუკი იყო, რომლითაც გამჭრიახი გურულები მარტივად სარგებლობდნენ – ყვებოდნენ გამოგონილ ისტორიებს მეფის სამსახურში ჩადენილი გმირობებისა და მოჯირითეობის ხათრით დათმობილ ჩინ-მედლებზე, რაც ერთიორად ზრდიდა მათ პოპულარობას. ნამდვილმა  კაზაკებმა კი ველური დასავლეთის შოუს მოყვარულებს იმედები გაუცრუეს.

ემიგრაციაში წასული გურულების ნაწილი თანდათანობით უბრუნდებოდა სამშობლოს. მოჯირითეთა მეორე ნაწილი ქვეყანაში 1924 წელს ჩამოვიდა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ მალევე მოინათლა „ამერიკის ჯაშუშად“. ბევრი მათგანი დააპატიმრეს კიდეც.

როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ გახდნენ იძულებული გურული მხედრები მათი ამერიკაში ყოფნის დამადასტურებელი საბუთები და ფოტომასალა გაენადგურებინათ. მიუხედავად გამოჩენილი სიფრთხილისა, რამდენიმე მხედარი რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

1892-1917 წლებში ამერიკაში სულ  150-მდე მხედარი წავიდა – ბაფალო ბილისა და ამ მოჯირითეების ამბავი კი ერთ-ერთი უძველესი მაგალითია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ისტორიაში.

წყარო: “ქართველი მოჯირითეები ამერიკაში”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები