გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა შემოდგომის დღესასწაული, „თათარაობა“ აღნიშნეს
გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ქართული სათვისტომოს სკოლაში ემიგრანტებმა შემოდგომის დღესასწაული, „თათარაობა“ აღნიშნეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად დაემზადებინათ ჩურჩხელა და დაეგემოვნებინათ სხვა ქართული ტრადიციული ტკბილეული.
„ბავშვობაში ჩემი ბაბო ყველა ახალამოვლებულ ჩურჩხელას არქმევდა სახელს. 4 შვილის, მათი მეუღლეების და მერე მისი შვილიშვილების და მათი მეუღლეების, მერე კიდევ შვილთაშვილების და ასე შემდეგ. 97 წლისა გამოგვემშვიდობა ამ ზაფხულს და დიდი მონაგარი დატოვა. ბოლოს 100 ჩურჩხელამდეც ავედით. სათვისტომოშიც თითქმის იმავე რაოდენობის (100-მდე) ჩურჩხელა მზადდება. მონდომება, მოტივაცია და ხალისი ზუსტად იგივეა, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო“- ამბობს სათვისტომოს წევრი, ბესიკ კიწბაბაშვილი.
ჰანოვერის ქართული სათვისტომო 5 წელია არსებობს და შემოდგომის ფესტივალს ყოველწლიურად აღნიშნავს.