ირანელი ლამაზმანი „მის ფოტოგენურობა“, ჰოლივუდელი საქმრო და მათი თბილისური ქორწილი

ეს ამბავი კიდევ ერთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ჩვენს ქალაქში ქორწილით დამთავრდა…

მინა ჯეი ირანელი მოდელია, რომელსაც 2015 წელს ინდოეთში გამართულ სილამაზის კონკურსზე „მის ფოტოგენურობის“ ტიტული ერგო. როცა საქართველოში ჩამოვიდა, თბილისი ერთი ნახვით შეუყვარდა და მალე ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში საკუთარი სასტუმრო გახსნა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ამ ბიზნესზე უარის თქმა მოუწია.

ირანელ ლამაზმანს დიზაინერის ნიჭი აღმოაჩნდა. არც ისე დიდი ხნის წინ, იტალიელმა იუველირებმა მისი დიზაინით სამკაულები და აქსესუარები დაამზადეს. უახლოეს მომავალში მინა აპირებს, რომ ისინი საქართველოში წარადგინოს.

 მისი ცხოვრების ამბავი ასეთია: ირანში, ქალაქ ისფაჰანში დაიბადა, აზიის უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ბაკალავრის ხარისხი აქვს.

 მოდა და დიზაინი ყოველთვის იტაცებდა, ამბობს, რომ ამ საქმეში სულის ნაწილს დებს და ამიტომ მისგან დიდ ენერგიას იღებს.

მინა, სილამაზის კონკურსზე როგორ მოხვდი, ოჯახი ხომ არ ყოფილა ამის  წინააღმდეგი?     

– მე დიდი ოჯახი მყავს. ვცდილობ, ვგავდე დედას, რომელიც ძლიერი ქალია, მის სიტყვას ყველგან ანგარიშს უწევენ. დედა ჩემთვის დიდი ავტორიტეტია და ობიექტური კრიტიკოსი. რაც შეეხება სილამაზის კონკურსს, ოჯახი ჩემი მასში მონაწილეობის წინააღმდეგი არ ყოფილა. 2015 წელს, ინდოეთში, ქალაქ გოჩში სილამაზის კონკურსი „მის აზია“ ჩატარდა. შესარჩევი კონკურსის გასაუბრებაზე დუბაიში წავედი. ამის მერე ორი თვე გავიდა და მეც ეს ამბავი თანდათან დამავიწყდა. არასოდეს ვფიქრობდი, რომ კონკურსზე ამირჩევდნენ, ამიტომ როცა დამირეკეს და ამის შესახებ მაცნობეს ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ჩემი სამშობლო უნდა წარმედგინა. იმ დღიდან დავიწყე მზადება. ამ სფეროში თინეიჯერობის ასაკიდან ვარ და ალბათ ჩემი გამოცდილებაც ბევრ რამეში დამეხმარა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როცა კონკურსზე „მის ფოტოგენურის“ ტიტული მოვიპოვე. როცა ინდოეთიდან დუბაიში დავბრუნდი, უკვე ყველა მცნობდა. ბევრი შემოთავაზება მივიღე და იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

–  ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი ბრენდი შექმენით…

–   დიახ, ბრენდის შექმნაზე პატარაობიდან ვფიქრობდი.  „მის აზიის“ კონკურსის მერე კი, ის დრო დადგა, როცა ჩემი ოცნების ასრულებას შევძლებდი. როდესაც პირველად სამკაულები შევქმენი, აბუდაბის გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ეს სწორედ ის ოქროს ნაკეთობებია, რომლებიც ჩემი დიზაინით იტალიელმა ოქრომჭედლებმა დაამზადეს. ახლა აქსესუარებს ვამზადებ და მათ მალე საქართველოშიც ჩამოვიტან.

მინა, საქართველოზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობ, რა იპოვე აქ შენეული?

-თქვენი ქვეყანა პირველივე სტუმრობისას შემიყვარდა. რა ვიპოვე? დედამიწაზე პაწაწინა სამოთხე აღმოვაჩინე! მოგვიანებით დუბაიში დაბრუნებული იმდენს ვლაპარაკობდი საქართველოზე, რომ შემდეგ აქაურობა ჩემი მეგობრების უმრავლესობამ მოინახულა. ეს უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა. ძალიან მომწონს ქართველები, ვატყობ, რომ თბილი, მოსიყვარულე და რელიგიური ხალხია. რაც მთავარია, ოჯახის დიდ პატივს სცემენ.

შენი მომავალი მეუღლე ოჯახის შექმნამდე საქართველოში რატომ დაპატიჟე?

– მინდოდა მისთვისაც გამეზიარებინა ის განცდა, რაც ამ ქვეყნის ხილვის მერე დამეუფლა. კრისტოფერსაც ისე მოეწონა საქართველო, რომ აქედან წასვლა არ უნდოდა. მერე უკვე ჩვენი ოჯახებით ჩამოვედით თბილისში, ხელი აქ მოვაწერეთ და ქორწილიც თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში გადავიხადეთ. როცა რესტორანში შევედით ყველა ოვაციით შეგვეგება. უცნობებიც კი სათითაოდ მოდიოდნენ გვილოცავდნენ, გვლოცავდენ და ჩვენთან ერთად ცეკვავდნენ. ერთი წუთით არ გვტოვებდნენ უყურადღებოდ. მათ იმდენი  სითბო და სიყვარული გვაჩუქეს, რომ ალბათ მთელი ცხოვრება გაგვყვება.

კრისტოფერი და მისი მშობლები გაოცებულები იყვნენ, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ უცხო ადამიანმა შეიძლება ამდენი სიხარული და თან ასე გულწრფელად გამოხატოს.

ცოტა რამ კრისტოფერზეც გვიამბე, ვინ არის, რას საქმიანობს? 

– ჩემი მეუღლე, კრისტოფერ გორდონი ამერიკელი მსახიობი და სცენარისტია, მას ჰოლივუდის ფილმებში იღებენ და მსახიობობის გარდა, სხვადასხვა ფილმების სცენარის ავტორიცაა. ახლა ამერიკის ვიზას ველოდები. ძალიან მალე თბილისში ჩამოვალ, არ მინდა შტატებში ისე წავიდე, რომ თბილისი კიდევ ერთხელ არ ვნახო და მას კიდევ ერთხელ არ მოვეფერო, ეს ხომ ჩემი სიყვარულის ქალაქია…

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები