საქართველო ჰადსონზე
ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში, Kaufman Music Center-ის Merkin Hall-ში, მანჰეტენზე, Dancing Cranes-ის ქართული კულტურული ცენტრის მიერ ორგანიზებულმა საოცარმა ფესტივალმა ბევრი სხვადასხვა ასაკის, ჟანრისა და სტილის ნიჭიერი ქართველი მომღერალი და მუსიკოსი შეკრიბა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ შესრულებულმა ნომრებმა სტუმრები აღაფრთოვანეს. ამ ფესტივალს გამოცემა “The Bukharian Times”-ი გამოეხმაურა. სტატიაში რაფაელ ნექტალოვი წერს: “ნიუ-იორკში არც ისე ბევრი ქართველია — ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 7-დან 10 ათასამდე ადამიანია, თუმცა ეს რიცხვი სრულიად არაპროპორციულია აშშ-ში მცხოვრები ქართველი ნიჭიერი და არაჩვეულებრივი წარმომადგენლების საერთო რაოდენობასთან შედარებით და ეს ფესტივალი, რომელიც Kaufman Music Center-ში ჩატარდა ამის თვალსაჩინო დადასტურებაა”
კონცერტის დღე საქართველოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას დაემთხვა. სულიერი მოძღვარის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, „ზეკარის“ დირიჟორმა პაატა ცეცხლაძემ მაყურებელს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მისი ნათელი ხსოვნისათვის. შემდეგ კი უწმინდესის მიერ შექმნილი საგალობელი “დავიღალე უფალო” შესრულდა.
“შესანიშნავი ანსამბლი გასულ წელს გავიცანი და მას შემდეგ დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობ მათ კონცერტებში, რითაც ხელს ვუწყობ მათი შემოქმედების პოპულარიზაციას ჩვენს თემში. “ზეკარმა” საკუთარი თაყვანისმცემლების წინაშე გამოსვლისას, უმაღლესი პროფესიული ოსტატობა და მშობლიური მუსიკისადმი სიყვარული გამოავლინა.
ათივე მომღერალი შემოსილი იყო დიდებული ქართული ჩოხით — ტრადიციული შალის სამოსით, რომელიც ეროვნული იდენტობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოა. გამოკვეთილი წელით, ფართო მხრებით, მკერდზე მასრებითა და თავისუფალი კალთებით. ამას ემატებოდა შავი შარვლები, ჩექმები, ტყავის ქამარი ხანჯლით, რაც მამაცი ვაჟკაცების სახეს ქმნიდა. ისინი თითქოს ფიროსმანის ტილოებიდან, ან ქართული ფილმებიდან გადმოვიდნენ და შოთა რუსთაველის სამშობლოში გადაგვიყვანეს”, – წერს რაფაელ ნექტალოვი.
კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმო ახალგაზრდა შემსრულებლებს, მომღერლებსა და ინსტრუმენტალისტებს, რომელთა ასაკიც ოთხიდან ოცდაათ წლამდე მერყეობდა. ესენი იყვნენ: კომპოზიტორ ლალი საბანაძის საბავშვო პროფესიული ესტრადის ანსამბლი „იბერია“, ნათია ღარიშვილის სკოლის ახალგაზრდა მომღერლები და თენგიზ შაუთიძის მუსიკალური თეატრის ვოკალური ჯგუფი.
ფესტივალის დასასრულს საპატიო სიგელები გადაეცათ ანსამბლების ხელმძღვანელებს, სოლისტებსა და მუსიკოსებს.
📷 რაფაელ ნექტალოვი, “The Bukharian Times”
ვალენტინა ზავულუნოვა: „მადლიერი ვარ, რომ მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი ამ ფესტივალს, რომელმაც ჩემზე და ჩემს შვილიშვილებზე კოლოსალური შთაბეჭდილება მოახდინა. კონცერტის შესახებ შევიტყვე ჩვენს გაზეთში – The Bukharian Times, რომელიც ფესტივალის საინფორმაციო სპონსორია. ინტერესით გავეცანი “ზეკარის” შემოქმედებას და გადავწყვიტე აუცილებლად წავსულიყავი კონცერტზე. ჩემი რძალი ქართველი ებრაელების შვილია და მინდოდა ბავშვები მეზიარებინა საქართველოს კულტურისა და მუსიკალური მემკვიდრეობისთვის და ეს შევძელი კიდეც. ჩემდა გასახარად, კონცერტის პროგრამაში იყო არა მხოლოდ საგალობლები, არამედ ქართველი კომპოზიტორების თანამედროვე ნაწარმოებები, ახალგაზრდა მომღერლების და საბავშვო ანსამბლის „იბერია“ გამოსვლები. ყოველივე ეს აღტაცებით მიიღეს ჩემმა შვილიშვილებმა და მთლიანად აუდიტორიამ. უნდა აღინიშნოს, რომ დარბაზში ახალგაზრდობა ჭარბობდა”.
“კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ფესტივალი განმეორდებოდა კუინსში, სადაც ქართველი ებრაელების თემი ცხოვრობს, თანაც აუცილებლად Queens Theater-ში, რათა ნამდვილი სიამოვნება მივიღოთ ქართველი მომღერლებისა და მუსიკოსების მაღალი პროფესიონალიზმით”, – წერს რაფაელ ნექტალოვი.
როგორც ხშირ შემთხვევაში, ფესტივალის წარმატებᲘთ ჩატარებაში დიდი როლო ამჯერადაც მიუძღვის შესანიშნავ კომპანიას “Dancing Crane’s Georgian Cultural Center”, პროდიუსერებს ლიკა და ვიქტორ სილერსონებს, რომლებიც 1976 წლიდან მოღვაწეობენ ქართულ დიასპორაში და ხელს უწყობენ ნიუ-იორკში ქართული მუსიკალური და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. ეს ფესტივალი გახდა თავისებური შეჯამება მათი ნახევარსაუკუნოვანი ქველმოქმედებისა, დაუღალავი შრომისა და წრფელი სურვილისა, რომ ქართული პროფესიული ხელოვნების შედევრები ამერიკაში მომავალ თაობებს გადაეცეს. ასეთი ენთუზიასტების წყალობით, ემიგრაციაში სიტყვა „ქართველი“ არა მხოლოდ ამაყად ჟღერს და არა მხოლოდ გეოგრაფიულ მნიშვნელობას ატარებს, არამედ დატვირთულია უმნიშვნელოვანესი კულტუროლოგიური და სულიერი შინაარსით.