თბილელის ქარვასლაში ყოველკვირეული პროექტი — „დარბაზობა ქარვასლაში“ გურმე ბაზარი იწყება
13 ივნისიდან თბილელის ქარვასლას Event Hall-ში, „თბილისის იდუმალი ბაღების“ ორგანიზებით, ახალი ყოველკვირეული პროექტი — „დარბაზობა ქარვასლაში“ • გურმე ბაზარი იწყება.
პროექტი ყოველ შაბათ-კვირას გააერთიანებს ქართული პროდუქციის მწარმოებლებს, საოჯახო მარნებს, ფერმერულ მეურნეობებსა და გასტრონომიულ ბრენდებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და დააგემოვნონ ქართული ღვინო, ტრადიციული პური, ყველი, თაფლი, ჩირი და სხვა ნატურალური პროდუქტები, შეხვდნენ მწარმოებლებს, მოისმინონ მათი ისტორიები და აღმოაჩინონ ახალი ქართული ბრენდები.
„დარბაზობა ქარვასლაში“ მხოლოდ გურმე ბაზარი არ არის — ეს არის სივრცე, სადაც ძველი თბილისის სული ცოცხლდება. ისტორიულ ქარვასლაში მოსულ სტუმრებს დახვდებათ ქართული სტუმარმასპინძლობა, ავთენტიკური გემოები, სასიამოვნო გარემო და ქალაქური კულტურით შთაგონებული პროგრამა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თეატრალური სკეჩები, ქალაქური მუსიკა და თბილისური ხასიათით გაჯერებული წარმოდგენები კინტოების მონაწილეობით, რომლებიც ძველი ქალაქის კოლორიტს, იუმორსა და ტრადიციებს გააცოცხლებენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიულ გამოცდილებას — სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა კუთხის ღვინოები, ფერმერული პროდუქტები, ხელნაკეთი დელიკატესები და ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქცია, რომელიც უშუალოდ მწარმოებლებისგან იქნება წარმოდგენილი.
პროექტის მიზანია ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და ისტორიული ქარვასლას თანამედროვე კულტურულ და ტურისტულ მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბება.
თუ გიყვართ ნამდვილი ქართული გემო, ძველი თბილისის ატმოსფერო და ცოცხალი ემოციები, 13 ივნისიდან თბილელის ქარვასლაში ახალი თბილისური ტრადიცია იწყება.
დასწრება თავისუფალია.