ექსპერტი, HB Studio-ს პედაგოგი ემი მორისონი მსახიობის სპეციალობის III კურსის სტუდენტებისთვის პრაქტიკულ სესიებს ჩაატარებს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობითა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 14 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, Fulbright Specialist Program-ის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი, HB Studio-ს (ნიუ-იორკი, აშშ) პედაგოგი, მეტყველებისა და ხმის სპეციალისტი ემი მორისონი ჩაატარებს ინტენსიურ ვორქშოფებსა და პრაქტიკულ სესიებს დრამის ფაკულტეტის მსახიობის სპეციალობის III კურსის სტუდენტებისთვის. ინფორმაციას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ემი მორისონის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდები ეფუძნება ამერიკულ თეატრალურ პედაგოგიკას და წარმატებით გამოიყენება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შექსპირის ტექსტებთან მუშაობის სპეციფიკას, შექსპირისეული ტექსტის გააზრებულ კითხვას, რიტმისა და სტრუქტურის სწორ ინტერპრეტაციას ხმოვანი და ფიზიკური მოქმედების მეშვეობით.
„ემი მორისონს შემუშავებული აქვს უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც მსახიობებს ეხმარება ტექსტის სწრაფ და ორგანულ დამახსოვრებაში, აზრის მკაფიო გადმოცემასა და სცენურ თავისუფლებაში, რაც შექსპირის დრამატურგიასთან მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.