ქართლის მოქცევიდან 1700 წლის იუბილეს ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს

ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ გაიხსნა, რომელიც IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული არქივის ექსპედიციებში როგორც საქართველოში (თბილისი, წალენჯიხა, სეფიეთი, ბოჭორმა, ვარძია, ფარავნის ტბა, ბოდბე, შიომღვიმე, გელათი, უჯარმა, მცხეთა, სათხე), ისე უცხოეთში (აზერბაიჯანი (უდაბნო), თურქეთი (ანისი)) გადაღებული ფოტოები, რომლებიც საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირდება; ეროვნულ არქივში დაცული ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ხელნაწერები (გულანები, საისტორიო თხზულებათა კრებული), ისტორიული საბუთები (წმინდა ნინოს სახელზე ბოდბის მონასტრისთვის შეწირული სიგელები) და ფოტომასალა.

ექსპედიციებში გადაღებული ფრესკები XI-XVII, ხოლო ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება.

ექსპოზიციის მიზანია, ფართო საზოგადოებას წარუდგინოს ის უნიკალური ვიზუალური მემკვიდრეობა და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას ასახავს; წარმოაჩინოს ამ ეპოქალური მოვლენის უდიდესი მნიშვნელობა ქართველი ერის სულიერ, კულტურულ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილია წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი ბროშურა. გარდა ამისა, ეროვნული არქივი წმინდა ნინოს შესახებ დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას წლის განმავლობაში შესთავაზებს. ამავე თემას მიეძღვნება ეროვნული არქივის მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები საქართველოს გაქრისტიანების თემაზე უახლეს სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ. კონფერენცია, რომელიც 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მჭიდრო კავშირსა და ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

გამოფენის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და იუსტიციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები