ხელოვანი ქალი რომელმაც ახალი მუსიკალური ინსტრუმენტი შექმნა და რომლის საქმიანობაც იუნესკომ აღიარა
პროფესიით მსახიობი ფატი თურმანიძე, საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ოსტატი ქალია, რომელიც უძველეს ქართულ დასარტყამ საკრავს დიპლიპიტოს პროფესიონალურ დონეზე ამზადებს. სპეციალისტების აზრით, ამ საქმიანობაში ის უკონკურენტოა. აღსანიშნავია, რომ მას ეროვნული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის გაღებული შრომა დაუფასდა, რადგან მისი სახელი და გვარი შეტანილია ეროვნულ საარქივო ფონდში და კულტურის სამინისტროს კატალოგში „სუვენირები საქართველოდან“. მისი საქმიანობა აღნიშნულია საერთაშორისო კრებულში – „ქალთა როლი იუნესკოს მიერ აღიარებულ ევროპულ ტრადიციულ სასიმღერო პრაქტიკებში.”
ამის გარდა, ქალბატონი ფატი თბილისის მერიის კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ ორგზის გამარჯვებულია. კონკურსის ფარგლებში მან უნიკალური და ერთოქტავიანი ჟღერადობის მქონე რვაქოთნიანი დიპლიპიტო შექმნა. ასევე გახლავთ კულტურის სამინისტროს კონკურსის „მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა” სამგზის გამარჯვებული.
– ქალბატონო ფატი, თუ შეიძლება, მკითხველს დიპლიპიტოს ისტორია გავაცნოთ. პირველად როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ამ მივიწყებული საკრავის დამზადების ნიჭი?
– დიპლიპიტო იგივე ნაღარაა, თუმცა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: „ნაღარა სხუათა ენაა, ქართულად სამვიკი ანუ დუმბული ჰქვია”. ძველად, ნაღარა, ანუ დუმბული საომარ საკრავს წარმოადგენდა. მას აგრეთვე ნადირობის დროსაც იყენებდნენ. დღეს დიპლიპიტო სათანმხლეო, საანსამბლო საკრავია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დიპლიპიტოს ორკესტრშიც გამოიყენებდნენ. ის პირველად 1894 წელს, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა გამოიყენა ორკესტრისთვის „კავკასიურ ესკიზებში”. ამის მერე, დიპლიპიტო ისეთ ქართულ საოპერო დადგმებში გამოიყენეს, როგორიცაა, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე”, სემიონ ვასილენკოს „მშვენიერი იოსები” და რეინგოლდ გლიერის „შაჰსენემი“.
– საინტერესოა, რა გამოიყენეთ ნიმუშად, ანუ რის მიხედვით და როგორ აღადგინეთ ეს ხალხური საკრავი?
– ეს საკრავი ძველი საკოლექციო დიპლიპიტოს მიხედვით აღვადგინე. შევიმუშავე ტყავთან მუშაობის საკუთარი ტექნოლოგია, რომელიც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მასზე მუშაობის დროს შესაბამისი ბგერის დასმაც თავისებური გამოწვევა იყო. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რომელიმე საკრავს დავამზადებდი. თუმცა, როდესაც ჩემს წინაპრებს ვიხსენებ ხოლმე, „გენეტიკური მეხსიერების“ არსებობაში უფრო ვრწმუნდები. მამაჩემი, ზურაბ თურმანიძე, ბაბუას მიერ დაარსებულ გუნდში მღეროდა. წლების შემდეგ, თუთის ხისგან, ისე, რომ არსად უსწავლია, დამოუკიდებლად დაამზადა ფანდური, რომელსაც საოცარი ჟღერადობა ჰქონდა.
– ვიცი, რომ მხოლოდ დიპლიპიტოთი არ შემოიფარგლეთ და ფოლკლორის მოყვარულებსა და პროფესიონალებს კიდევ არაერთი სიახლე შესთავაზეთ…
– დიახ, დიპლიპიტოს შემდეგ იყო დაირა. წლების წინ, როგორც ამ ორი ინსტრუმენტის ოსტატმა, კულტურის სამინისტროს ტენდერშიც გავიმარჯვე. დამზადებული ეგზემპლარები ხალხურ ანსამბლებს საჩუქრად გადაეცათ. ზუსტად ამ ტენდერის შემდეგ, გამიჩნდა იდეა, რომ დიპლიპიტო და დაირა გამეერთიანებინა. ამის შედეგად სრულიად ახალი, საავტორო დასარტამი ინსტრუმენტი შევქმენი. გამოგიტყდებით, რომ მისი სახელის შერჩევისას ბევრი ვიფიქრე. ბოლოს, ჩემმა შვილმა, ანუკამ მოულოდნელად გამომიცხადა: „რა არის აქ ამდენი საფიქრალი, რადგან დიპლიპიტო და დაირა გააერთიანე, ამ ინსტრუმენტს დარპლიპიტო დაარქვიო.“ სიმართლე გითხრათ, ეს სახელი ძალიან მომეწონა და ჩემი ახალი ინსტრუმენტიც ასე „მოინათლა“.
.– აქვე უნდა ითქვას, რომ თქვენ დიპლიპიტოს ისტორიულ ვერსიას არ დასჯერდით და ის ახლებური იმიჯით წარმოაჩინეთ…
– ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და როგორც ხელოვან ადამიანებს გვჩვევია, საქმიანობის პროცესში ახალი იდეები მიჩნდება ხოლმე. ამ მხრივ, არც დიპლიპიტო ყოფილა გამონაკლისი. სტანდარტული ორქოთნიანი დიპლიპიტოს შემდეგ, სამი და ოთხქოთნიანი დიპლიპიტოებიც დავამზადე. ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთმა კოლექციონერმა შეიძინა. დროთა განმავლობაში დავაკვირდი, რომ სურვილის მიუხედავად, დიპლიპიტოს დიდი მოცულობისა და წონის გამო, მისი შეძენისგან თავს იკავებდნენ ხოლმე. სწორედ აქედან დაიბადა იდეა, რომ შემექმნა დიპლიპიტოს მცირე ზომის, სასუვენირო ვერსიები, რომელთა შეძენასაც არამარტო კოლექციონერები, ქართული კულტურით მოხიბლული უცხოელი ტურისტებიც შეძლებდნენ.
– დროთა განმავლობაში როგორ დაიხვეწა ეს იდეა?
– გამიჩნდა სურვილი, რომ დიპლიპიტოს თიხის ქოთნები ქართული ხალხური ორნამენტებით მომეხატა და მომეჭიქურებინა. სწორედ მოჭიქურებული ქოთნებით დავამზადე რვაქოთნიანი (ერთოქტავიანი) დიპლიპიტო, რომელიც საინტერესო შემოქმედებითი პროცესის შედეგია. მისი დამზადების დროს საუბარი მქონდა იმ მუსიკოსებთან, რომლებიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავენ. აღმოჩნდა, რომ ქოთნების განლაგება ჟღერადობის მიხედვით შემსრულებლებისთვის ინდივიდუალურია. მე რვაქოთნიანი დიპლიპიტოს ჩემეული ვერსია შევქმენი, დამკვეთის კი ქოთნებს მოთხოვნის შესაბამისად განვალაგებ…
– მკითხველს შევახსენებ, რომ რვაქოთნიანი დიპლიპიტო ცნობილი პროექტის „შემოქმედებითი თბილისი“ ფარგლებში შექმენით…
– დიახ, „შემოქმედებითი თბილისის“ ორგზის გამარჯვებული გახლავართ. პროექტის ფარგლებში მოხდა ჩემი სახელოსნოს აღჭურვა დანადგარებითა და მასალებით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიის კულტურის საქმეთა სამსახურს, განსაკუთრებით, კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ხელოვანი ადამიანებისთვის, რათა თავიანთი საქმიანობა განავითარონ. ჩემს გარდა ეს კონკურსი არაერთ ადამიანს დაეხმარა.
– პროფესიით მსახიობი ხართ და მაინტერესებს, ამ საქმიანობის გარდა, თეატრში დაბრუნებასაც ხომ არ აპირებთ?
– ისე გამოვიდა, რომ ჩემი თავდაპირველი პროფესია გატაცებად მექცა, ხოლო ჰობი – ახალ პროფესიად. ამ ეტაპზე პრიორიტეტად კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა დავაყენე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმიანობა მომავალ თაობებს შევასწავლო და გამოცდილება, რაც წლების მანძილზე დამიგროვდა, მათ გავუზიარო. მინდა დავტოვო ახალგაზრდები, რომლებიც დიპლიპიტოს დამზადების მივიწყებულ ტრადიციას შეინარჩუნებენ და ჩემს დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ.
– სრულყოფილი საქმიანობისთვის, ბუნებრივია, პირობების გაუმჯობესებაც აუცილებელია…
– დიახ, ჩემი სამომავლო გეგმები სახელოსნოს სრულყოფილად გამართვას უკავშირდება. ამ ეტაპზე, თიხის გამოსაწვავი ღუმელის შეძენა და მცირეოდენი სარემონტო სამუშაოების დასრულებაა საჭირო. როგორც კი ეს საკითხები მოგვარდება, ვაპირებ, რომ მოსწავლეები ავიყვანო. ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდებიან ის ახალგაზრდები, ვისაც მოუნდება ამ საქმიანობის შესწავლა და ჩემს მიზანს ბოლომდე მივიყვან.
თეონა გოგნიაშვილი

