2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.
ამავე პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში 17 ღვინის ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ასევე აღსანიშნავია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამართული ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას. საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 23 გამოფენა-ფესტივალი და 6 დეგუსტაცია-კონკურსი გაიმართა.