ქართული ღვინო ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ქართული ღვინის აშშ-ს ბაზარზე ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ რვა ქართული ღვინის მარანი იყო წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალი „Karakterre“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანულ, ბიოდინამიკურ და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ის ყოველწლიურად იმართება ავსტრიის ისტორიულ ადგილებში და ნიუ-იორკში. წელს ფესტივალში 200-მდე ღვინის მწარმოებელი მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან მონაწილეობდა.

ფესტივალის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, სხვადასხვა სტილის 15-მდე ქართული ღვინო დაეგემოვნებინა, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, საფერავის მასტერკლასიც გაიმართა.

ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე – აშშ-ში, ღვინის ეროვნულ სააგენტო ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები