ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაული „ნიკოობა – 2025“ აღინიშნა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სამტრედიის მერიის ხელშეწყობით, დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „ნიკოობა – 2025“ აღინიშნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ნიკოობა – 2025“ მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს მოიცავდა:

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ახალგაზრდა მეგზურებმა, სკოლის მოსწავლეებმა, სტუმრებს უმასპინძლეს და გააცნეს ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა;

სამტრედიის სამხატვრო სკოლა-გალერეამ პროფესიონალ მხატვართა ნამუშევრები წარმოადგინა, ხოლო სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის ეზოში სწრაფი ესკიზები შექმნეს;

ასევე, ხელოვნების საათის ფარგლებში მოეწყო დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაც;

სამტრედიის კომპლექსური სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა ამხანაგური მატჩი ჭადრაკში. მონაწილეობდნენ: სპორტული სკოლის მოჭადრაკეები და წმინდა ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები. გამარჯვებულებს გადაეცათ მუზეუმის სახელობითი სიგელები.

აქტივობების ფარგლებში მოეწყო ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური წერილების კრებულის პრეზენტაციაც.

ასევე, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე: „ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია“ .

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

დღის ბოლოს კი, ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისა და მისი ღვაწლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის მგალობელ-მომღერალთა გუნდი – „მასპინძელო“ ; ვოკალური ანსამბლი – „იმედი“ ; მოსწავლე – ახალგაზრდობის ქართული ხალხური საკრავების ანსამბლი -„ჩანგი“ ; ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი -„ალილო“ ; ქორეოგრაფიული ანსამბლი – „ლილე“ ; სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ანსამბლი -„ფანტაზია“; მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის ანსამბლი – „ორუდილა“ ; დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის ქართული ხალხური საკრავების ანსამბლი და სამტრედიის მე-7 საჯარო სკოლის გოგონათა ანსამბლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები