საქართველოს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown) სტუმრობდა

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ამერიკულ კომპანიასთან „Big Sky Ranch Inc” თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown) სტუმრობდა.

ღვინოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლისა პეროტი-ბრაუნი ქართულ ღვინოს და მარნებს იმერეთსა და რაჭაში ეწვია, ადგილზე დააგემოვნა მრავალფეროვანი ქართული ღვინოები, გაეცნო ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს, თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე სხვადასხვა ღვინის კომპანიის 50-მდე ღვინო დააგემოვნა.

ამერიკელი ღვინის მაგისტრი გურჯაანის ღვინის ფესტივალსაც სტუმრობდა, სადაც წარმოადგინა პრეზენტაცია ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.

ლისა პეროტი-ბრაუნი ვიზიტის შემდეგ, მორიგ სტატიას დასავლეთ საქართველოს ღვინოებზე ამერიკული გამომცემლობისთვის „The Wine Palate“ მოამზადებს. მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვიზიტის შემდეგ, სტატია სათაურით „ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან“ ლისა პეროტი-ბრაუნმა „The Wine Palate“-ში სექტემბრის თვეში უკვე გამოაქვეყნა.

ონლაინ გამოცემა „The Wine Palate“ (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან, განახლებადი მიმოხილვებით. საიტი შექმნილია, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს, ადვილად იპოვონ სასურველი ღვინოების სტილი და, ამავდროულად, გაიუმჯობესოს ღვინის დაგემოვნების გამოცდილება. ლისა პეროტი-ბრაუნი, ძირითადად, ამერიკულ და ბორდოს ღვინოებს, ასევე, შამპანურს მიმოიხილავს, რასაც შემოდგომაზე ქართული ღვინოებიც დაემატა. ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი ღვინის ინდუსტრიაში 25 წელზე მეტია მოღვაწეობს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები