აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. საელჩო მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად აცხადებს.
,,პროექტის ფარგლებში $100,000 გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს: პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით. ძირითადი ტაძარი (ჩვ.წ. 586-605) ჯვრის მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მონუმენტია. ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს.