იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა
იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და თბილისის საუცხოო ხედით განთქმულ ისტორიულ რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართული საზეიმო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრა. ინფორმაციას იტალიის საელჩო ავრცელლებს
ღონისძიება, რომელსაც ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა.
„იტალია როგორც მეგობარი ქვეყანა, აგრძელებს საქართველოსთან გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობის მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში. როგორც ახლახან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელიმ აღნიშნა, ვისურვებთ, რომ საქართველომ მალე დაიწყოს თავისი ევროპული გზის ეტაპი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებთან“, – თქვა ელჩმა დ’ანტუონომ
იტალიისა და საქართველოს ჰიმნები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ იმღერა, ჯაზ-კომპოზიციები კი ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა შესანიშნავმა იტალიელმა აკორდეონისტებმა, სარა კალვანელიმ და სიმონე ძანკინიმ შეასრულეს.
სტუმრებს იტალიური დიზაინერული ნაკეთობები (ავეჯი, მრავალფეროვანი აქსესუარები და იტალიის სიამაყედ ქცეული Alfa Romeo-ს ავტომობილები), სახელგანთქმული ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი, კამპარი და საუკეთესო იტალიური ღვინოები) და იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი დელიკატესები დახვდათ.
იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა.