როცა სცენაზე და ფარდის მიღმა სიკეთეა – სტუდია „თეატრალის“ იუბილე
ეს ამბავი რთულ და ძნელ 90-იანებში დაიწყო. დეკემბრის ერთ ცივ დღეს, მოზარდთა სტუდია „თეატრალის“ სახით თბილისში სინათლისა და სითბოს პატარა სხივი გაჩნდა. აქ, პირდაპირ ქუჩიდან, რეალობისგან გულაცრუებული თინეიჯერები მოდიოდნენ და რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი მათ ხელოვნებისა და სიკეთის გაკვეთილებს უტარებდა. მისი წყალობით თეატრის მტვერით დაახლოებით ათასზე მეტი მოზარდი “მოიწამლა“.
წელს, ამ სტუდიას თავისი არსებობის 30 წელი უსრულდება, ამიტომ გადავწყვიტეთ რეჟისორს თავისი არტ-პირმშოს “თეატრალის“ შესახებ ძველი ამბები გავახსენოთ და სტუდიის დღევანდელ დღეზეც ვკითხოთ.
– ლაშა, ამ გადასახედიდან “თეატრალის“ ყველაზე დიდ წარმატებად რას თვლი?
– ჩვენი არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე ალბათ ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ „თეატრალი“ პრობლემებმა არ შეაშინა, მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს გაჩერებულა და დღემდე არსებობს. საბედნიეროდ, ჩვენში ყოველთვის იყვნენ და არიან მოზარდები, რომელთაც თეატრი აინტერესებთ და საკუთარი ფიქრებისა და სურვილების სცენიდან მაყურებლამდე მიტანა სურთ. თავისთავად წარმატებაა ისიც, რომ „თეატრალმა“ ჩვენს ქვეყანას უამრავი მოაზროვნე, სინდისიერი, კულტურული მოქალაქე შემატა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც თეატრალურ და კინო-ხელოვნებაში წარმატებას მიაღწიეს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
– რამდენი სპექტაკლი დაიდგა „თეატრალში“ და მათგან ყველაზე სიცოცხლისუნარიანი რომელი აღმოჩნდა?
– ამბობენ, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“, ვფიქრობ, რომ ასეთ „შემოდგომამდე“ ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს, ამიტომ დადგმული სპექტაკლების რაოდენობას არ ვითვლი. „თეატრალის“ ყველა სპექტაკლი ერთნაირად მიყვარს, მაგრამ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მაინც ორი სპექტაკლი აღმოჩნდა, ესენია: „ბესლანი“, რომელიც 2006 წელს დაიდგა და „წითელი ზოლი“, რომელიც მაყურებელმა 2008 წელს იხილა. ეს სპექტაკლები ისეთ პრობლემურ თემებზეა, როგორიცაა, ტერორიზმი და ომი, ამიტომ მათი სკივრში გადადება ვერ მოხერხდა. ეს რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ამ პრობლემების აქტუალობიდან გამომდინარე, ისინი ყველა თაობის მაყურებელს ერთნაირად მოსწონს და თავის სცენურ ცხოვრებას დღემდე აგრძელებენ.
– ,,თეატრალის“ იუბილესთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულს თუ აპირებ?
– რადგან წელს, „თეატრალს“ 30 წელი უსრულდება, მოზარდები ტრადიციულად, აპირებენ, რომ ამ თარიღს დამოუკიდებელი ნამუშევარი მიუძღვნან. ჩვენი სტუდიის არტისტების ჩანახატების, ესკიზების, თეატრში დაწერილი ლექსების, პერსონაჟის ბიოგრაფიების და ბევრი სხვა საინტერესო ფაქტის გამომზეურებას და ნახატების გამოფენასაც ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე სხვადასხვა თაობის თეატრალებს გააერთიანებს და მათ საერთო ზეიმად იქცევა.
– მკითხველს გავახსენებ შენს სარეჟისორო ,,ავანტიურას,, – ლაშა თაბუკაშვილის ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულიას” შენეულად დადგმულ წარმატებულ სპექტაკლს, მსგავსი რამ სამომავლოდაც თუ გაქვს ჩაფიქრებული?
– თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მართლაც კარგი ნამუშევარია, როგორც სარეჟისორო თვალსაზრისით, ასევე მსახიობების ოსტატობიდან გამომდინარე. სპექტაკლმა სხვადასხვა თაობის უამრავ ადამიანს ერთნაირად განაცდევინა: ბედნიერება, სევდა, სიყვარული და გულწრფელი თანაგრძნობა. ის იმდენად პოპულარული იყო, რომ მასზე ბილეთის შოვნა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. ჩემი ადრე დადგმული, შეიძლება ითქვას, ასეთივე, ავანტიურული ნამუშევრებიდან გამოვყოფდი სპექტაკლს „ოკეანედალეულები“, რომელიც 2006 წელს დაიდგა და დიდი ხნის განმავლობაში ანშლაგით მიდიოდა. მომავალში, დიახ, რა თქმა უნდა მაქვს რამდენიმე პიესის სცენაზე გაცოცხლების სურვილი, მაგრამ კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამას ჯერ არ გავამხელ.
– შენს გოგონებზე მინდა გვიამბო, ორივე ხელოვნების გზას დაადგა…
– ჩემი შვილები, ისევე როგორც უამრავი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ბავშვი, ხელოვნებაში ცდილობენ საკუთარი თავის პოვნას და ნიჭის გამოვლენას. გამორიცხული არ არის, რომ მათი გატაცება მომავალში პროფესიადაც აქციონ: ლიზამ, სცენაზე განავითაროს თავისი ქორეოგრაფიული შესაძლებლობა, ელენემ კი მხატვრული ტილოებით მიიქციოს საზოგადოების ყურადღება. წარმატების მისაღწევად კი დიდი შრომაა საჭირო და მათ ეს უკვე კარგად იციან.
– ისევ “თეატრალს“ რომ დავუბრუნდეთ, დღეს რა ხდება თქვენთან?
– დღესდღეობით, „თეატრალში“ 31 მოზარდია, რომლებიც თავს არ ზოგავენ და ბევრს მუშაობენ. ცდილობენ, ყველაფერში ამყვნენ, რათა კარგი შემოქმედებითი შედეგი დადონ. 25 დეკემბერი „თეატრალის“ დაბადების დღეა, რადგან 1995 წელს, ამ დღეს, ჩვენი პირველი სპექტაკლი ვითამაშეთ. ამიტომ უკვე ტრადიციად გვექცა, რომ ყოველი წლის 25 დეკემბერს, მოზარდები მაყურებელს თავის ნამუშევარს უჩვენებენ ხოლმე.
– სპექტაკლი “ფარდის მიღმაც“ მათი დამოუკიდებელი ნამუშევარია…
– დიახ, ეს მათი დამოუკიდებელი ნამუშევარია. სპექტაკლში ყველაფერი – სცენოგრაფია, ქორეოგრაფია, მხატვრობა, მუსიკალური გაფორმება, ტექნიკური საკითხები: გახმოვანება, განათება, მათი ნაფიქრი და გადაწყვეტილია. საკმაოდ კარგი ნამუშევარი გამოუვიდათ. ეს სპექტაკლი „მართვეს“ ბაზაზე არსებულ სცენაზეც წარმატებით ვითამაშეთ.
– რა ხდება ცხოვრებაში, ფარდის მიღმა?
– ვფიქრობ, ის მოზარდები, რომლებიც ჩვენთან, „თეატრალის“ კანონებს და ნამდვილი ხელოვნების წესებს ეზიარებიან, ფარდის მიღმაც, რეალურ ცხოვრებაშიც უღალატო, ღირსეულ ადამიანებად ყალიბდებიან. ჩვენ მათ კარგ გემოვნებას ვუყალიბებთ, ვაზიარებთ ტრადიციებისადმი პატივისცემას, მეგობრისა და სამშობლოს სიყვარულს და ეს ყველაფერი მათ ძვირფასი საგანძურივით თან მიაქვთ ხოლმე. ეს კი, დღევანდელ რთულ დროში, უმნიშვნელო ამბავი ნამდვილად არ არის და რაც მთავარია, ხელოვნების მაღალი დანიშნულებაც, ესაა…
თეონა გოგნიაშვილი