იმერული ღვინის კონკურსი – Imeretian wine Challenge 2024 უკვე მეორედ ჩატარდა

DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, იმერული ღვინის კონკურსი – Imeretian wine Challenge 2024 უკვე მეორედ ჩატარდა.

საკონკურსო ნიმუშების დეგუსტაცია ჩაატარა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ  ქართველი და უცხოელი ღვინის ექსპერტები – რობერტ ჯოზეფი (ბრიტანეთი), ტომას ბრენდლი (გერმანია), დავიდე ბარტონე (იტალია), მეთიუ ჰორკეი (ამერიკა), ირინა დიაჩენკოვა (უკრაინა), ვლადიმერ კუბლაშვილი, თამარ იმედაძე, თინათინ ჯაჯანიძე, გიორგი სამანიშვილი, საბა ქიტიაშვილი.

„საკონკურსო პირობის მიხედვით, კონკურსზე შესაძლებელი იყო 100%-ით  იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან  ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა  ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინის  წარმოდგენა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. ამ მხრივ შარშანდელ კონკურსთან  შედარებით მნიშვნელოვანი სტატისტიკური ზრდა დაფიქსირდა, 20 % გაიზარდა ნიმუშების რაოდენობა და ისინი წარმოადგინეს არა მარტო იმერეთიდან, არამედ კახეთიდან, ქართლიდან და რაჭიდან. ასევე გაიზარდა კონკურსში მონაწილე იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც არ არიან იმერული ღვინის ასოციაციის წევრები. მოიმატა ჯიშობრიობის რაოდენობამაც. თუკი შარშან დომინირებდა ციცქა-ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანური, წელს დაემატა ისეთი უცხო ჯიშები, როგორებიცაა ნაგუთნეური და კუნძა. ამასთანავე, გამოჩნდა მეორე კომპანია, რომელიც ქვიშხურ ჯიშს აწარმოებს. გამომდინარე იქიდან რომ შარშან მხოლოდ ერთი ქვიშხური იღებდა კონკურსში მონაწილეობას წელს უკვე ორი, რაც უკვე კონკურენციასთან ერთად კონკურსის მასშტაბების ზრდასაც ნიშნავს.

კონკურსის შედეგები და გამარჯვებულთა სახელები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

საკონკურსო დროის მიღმა ჟიურის წევრებმა იმერული მეღვინეობები და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს“, – ნათქვამია DMO Imereti-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები